ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონას ტერიტორიაზე მდინარე ენგურში ნაპოვნი 3 გარდაცვლილი ადამიანი ერთი ოჯახის წევრები არიან. ამის შესახებ ambebi.ge -ს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის არის ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, რომლებსაც არასრულწლოვანი შვილები დარჩათ.
“დაობლდნენ ბავშები, რომლებიც სკოლის მოსწავლეები არიან. ჩვენ ორივე დაზარალებულ ოჯახთან გვაქვს აქტიური კომუნიკაცია და რაც ჩვენს ვალდებულებაში შედის, ყველაფერს გავაკეთებთ. ისინი სოციალურად დაუცველები არიან და ჩვენ მათ მაქსიმალურ დახმარებას გავუწევთ, როგორც სოციალური, ისე ჯანდაცვის და ფინანსური თვალსაზრისით. ამ ადამიანების გარდაცვალებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას. ამას მოჰყვება ძალიან მკაცრი რეაგირება როგორც ჩვენი, ისე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, ამ საკითხს აუცილებლად წამოვჭრით ჟენევის დისკუსიების ფორმატში და დავაყენებთ რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხს”, – განაცხადა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ.
საქართველოს მოქალაქეების ცხედარები მაშველებმა მდინარე ენგურიდან რამდენიმე საათის წინ ამოიყვანეს. როგორც ერთ-ერთი გარდაცვლილის ძმამ რადუგა გვალიამ ტელეკომპანია “ფორმულას ” განუცხადა, მისი ოჯახის წევრები ოკუპირებული გალიდან ზუგდიდში მოდიოდნენ.
ენგურში ერთი ადამიანის სამძებრო სამუშაოები ისევ გრძელდება. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარის გამოძიება 115-ე და 143-ე მუხლებითაა დაწყებული.










