ვარაუდი, რომ შესაძლოა, მოსახლეობის მეტი ნაწილი იყოს ინფიცირებული, ვიდრე ვიცით, სავსებით რეალურია , – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
ამასთან თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველოში გარდაცვლილთა რაოდენობა ცალსახად მცირეა და ჩვენს ქვეყანაზე უკეთესი მაჩვენებელი ჯუჯა სახელმწიფოებს აქვთ.
„საქართველოში გარდაცვლილთა რაოდენობა ცალსახად არის მცირე, განსაკუთრებით ევროპის განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, 10-ჯერ, 15-ჯერ, 18-ჯერ მცირე. თუ ერთ მილიონ მოსახლეზე გადავითვლით, ეს განსხვავება კიდევ უფრო დიდია. ჩვენთან 160-ჯერ ნაკლებია გარდაცვალება ერთ მილიონ მოსახლეზე, ვიდრე აშშ-ში და 200-300-ჯერ ნაკლები, ვიდრე იტალიაში, საფრანგეთში და ესპანეთში, უზარმაზარი განსხვავებაა. თუ თქვენ იკითხავთ, რამდენად რეალურია ეს ციფრი იდენტიფიცირებულებთან და არაიდენტიფიცირებულებთან მიმართებაში, მინდა შევიტანო სიცხადე – ვარაუდი, რომ შესაძლოა, მოსახლეობის მეტი ნაწილი იყოს ინფიცირებული რეალურად, მათ შორის უსიმპტომო ფორმებით, ვიდრე დღეს ჩვენ ვიცით, სავსებით რეალურია. ყველა ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების გარდა, არსებობს დაუდასტურებელი შემთხვევების რაღაც რაოდენობა, მათ შორის, სავარაუდოდ, საქართველოშიც“ , – განაცხადა ცერცვაძემ ტელეკომპანია „პირველის” ეთერში.