ცვლილებების მიხედვით, უნაღდო ფორმით ვალუტის გადაცვლის უფლების მქონე პუნქტები საქმიანობისთვის საჭირო საბრუნავ სახსრებს მხოლოდ უშუალო ან ბენეფიციარი მესაკუთრისგან (დოკუმენტური დადასტურებით) ან ფინანსური ინსტიტუტებისგან შეძლებენ მოიზიდონ. ამასთან, რეგისტრაციისთვის სავალდებულო დოკუმენტებს ემატება იმ უძრავი ქონების საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, სადაც პუნქტი საქმიანობას განახორციელებს.
ბრძანებით ასევე განისაზღვრა, რომ ეროვნულ ბანკს უფლება ექნება უარი თქვას ფილიალის საქმიანობის ნებართვის გაცემაზე, თუ პუნქტს გადაუხდელი აქვს ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებული ჯარიმა ან არ ასრულებს კანონმდებლობითა და ეროვნული ბანკის მითითებებით დადგენილ მოთხოვნებს.
ცვლილებები ეხება ვიდეომეთვალყურეობის სისტემებსაც. ახალი რეგულაციის თანახმად, ვიდეოკამერები უნდა იყოს დამონტაჟებული როგორც პუნქტის შიგნით, ისე გარე პერიმეტრზე, ვიდეოჩაწერა კი უწყვეტ რეჟიმში უნდა მიმდინარეობდეს. გარე კამერების ჩანაწერები მინიმუმ 30 დღის განმავლობაში, ხოლო შიდა კამერების ჩანაწერები არანაკლებ 180 დღის განმავლობაში უნდა ინახებოდეს. მოთხოვნის შემთხვევაში, ჩანაწერები ეროვნულ ბანკს დაუყოვნებლივ უნდა გადაეცეს.
ამასთან, წესში დამატებულია საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაში ეროვნულ ბანკს შეეძლება პუნქტის რეგისტრაცია გააუქმოს. მათ შორისაა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევა, ასევე ისეთი სამეწარმეო პრაქტიკა, რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას კონკრეტულ სუბიექტს ან მთლიანად საფინანსო სექტორის ჯანსაღ ფუნქციონირებას.
ცვლილებების თანახმად, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები ანგარიშგებას ეროვნული ბანკის NBFI დისტანციური ზედამხედველობის პორტალის მეშვეობით ყოველთვიურად, საანგარიშგებო თვის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში წარადგენენ.










