ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) თქმით სამხრეთ ლიბანში საზღვარზე ბოლოდროინდელი სარაკეტო თავდასხმების საპასუხოდ, რეაქტიული თვითმფრინავებით ჰეზბოლას ობიექტებზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც გაანადგურეს ტერორისტული ჯგუფის უჯრედი, რომელიც ბირანიტის სამხედრო ბანაკის ახლოს თავდასხმას გეგმავდა.
პარალელურად, IDFის სპიკერის, დანიელ ჰაგარის თქმით ღაზაში სახმელეთო ოპერაციას აღრმავებენ და ჰამასის საზღვაო და საჰაერო დანაყოფებს დიდ ზიანს აყენებენ.
“ვაგრძელებთ ქალაქ ღაზაში თავდასხმის გაღრმავებას დ სამოქალაქო ადგილებთან ახლოს მდებარე გვირაბებს ვშლით. ძლიერი დარტყმა მივაყენეთ ჰამასის საჰაერო და საზღვაო ერთეულებს, რომლებიც სტრატეგიულ თავდასხმას გეგმავდნენ”. – თქვა ჰაგარიმ.
მისივე თქმით, IDF-ის მიერ გახსნილი ჰუმანიტარული კორიდორის გამოყენებით ჩრდილოეთ ღაზიდან სამხრეთით 50 000 ადამიანი გადაადგილდა.
“ჰამასის ხელმძღვანელობა მოწყვეტილია სიტუაციას. დღეს ჩვენ ვიხილეთ, რომ 50 000 ღაზელი სამხრეთით მიემართებოდა, მათ ესმით, რომ ჰამასმა კონტროლი დაკარგა”. – თქვა ჰაგარიმ.
IDF-ის სპიკერი ასევე ამბობს, რომ ცეცხლის შეწყვეტა არ განიხილება, თუმცა მოსახლეობის ევაკუაციის გასამარტივებლად “ჰუმანიტარული პაუზები” გამორიცხული არ არის.
ამასთან, ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმაც უარყო გავრცელებული ხმები, რომ ისრაელი ჰამასთან მოლაპარაკებების ფარგლებში მძევლების ნაწილის გათავისუფლების სანაცვლოდ რამდენიმე დღით ცეცხლის შეწყვეტას განიხილავს.










