დილიდან პოლიტიკური შეფასებების საგანია “კურიერის” მიერ მოპოვებული დოკუმენტები – “მთავარ არხში” უკანონო ფინანსურ ოპერაციებზე ტელეკომპანიის მოქმედი დირექტორი ლაპარაკობს. გიორგი ქურდაძე ამის შესახებ ეროვნულ ბანკს და “თიბისი ბანკს” სწერს – ის საუბრობს ბოლო ხუთი წლის ოპერაციებზე, მიუთითებს გაურკვეველი წარმომავლობის ნაღდ ფულზე, რომლის ნაწილი უცხოეთშიც არის გაგზავნილი.
“ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ ტელეკომპანია “მთავარი არხის” ხელმძღვანელობამ არაერთ კითხვას უნდა გასცეს პასუხი.
“პირადად მე ეჭვი არ მეპარება, რომ იქ ძალიან ბევრი შავი ფული ტრიალებს. ისეთი ტიპის ტრანზაქციები ხდება, რომლებიც არ არის ლეგალური – თან, ისეთი ტიპის ტრანზაქციები, რომლებზეც უშუალოდ დირექტორის ხელმოწერაა საჭირო და მისი ხელმოწერის გარეშე გადის. ჩვენთვის, დიდი ხანია, ცნობილია, რომ რადიკალური მედიასაშუალებები და ენჯეოები იმიტომ ემალებიან ამ გამჭვირვალობას, რომ ძალიან ბევრ შავ ფულს ატრიალებენ და ესეც ერთ-ერთი მაგალითია ამ ყველაფრის. რა თქმა უნდა, შესაბამის უწყებებს ამ ყველაფერთან დაკავშირებით შესაბამისი რეაგირება ექნებათ. ბატონი გვარამია რაზეც ციხეში იჯდა, რომ “რუსთავი 2-შიც” ანალოგიურ ქმედებებს ჩადიოდა, ეს ყველაზე კარგად დაადასტურა სტრასბურგის სასამართლომ, როდესაც გვარამიამ საქართველოს უჩივლა და სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ის დამსახურებულად იხდიდა სასჯელს”, – განაცხადა პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.