ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, სწორედ საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობაა იმის გარანტი, რომ ნებისმიერი სხვა ქვეყნის ნება-სურვილზე ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებულები.
„ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, მივაღწიოთ ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას და განვავითაროთ საკუთარი ენერგოგენერაციის წყაროები“, – აღნიშნა ნათია თურნავამ საარბიტრაჟო სასამართლოში Inter Rao-სთან მიმდინარე დავის შესახებ საუბრისას.
ცნობისთვის, საქართველომ რუსულ ენერგოგიგანტთან, Inter Rao-სთან საარბიტრაჟო დავა წააგო.
სტოკჰოლმის არბიტრაჟის გადაწყვეტილებით, ქართულ მხარეს კომპანიისთვის $80 მილიონის გადახდა დაეკისრა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გადაწყვეტილება გაასაჩივრა. საქართველოს მთავრობა მიიჩნევს, რომ 2014 წელს ტარიფები სწორად იქნა განსაზღვრული, შესაბამისად, არბიტრაჟის გადაწყვეტილება, როგორც დაუსაბუთებელი, გასაჩივრებულია სტოკჰოლმის სასამართლოში.










