ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა – მათემატიკის საჯარო სკოლის პედაგოგი – ივანე გოქაძე მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა. მას სპეციალურ სამკერდე ნიშანთან ერთად, 10 000 ლარიც გადაეცა.
ივანე გოქაძესთან ინტერვიუ etaloni.ge-მ ჩაწერა.
მათემატიკას მას შემდეგ ასწავლის, რაც სრულწლოვანი გახდა. თავდაპირველად, იგი მოსწავლეებს კერძოდ ამზადებდა, დიპლომის აღების შემდეგ კი, საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა.
ახლა ორ სკოლაში მუშაობს, აქედან ერთი საჯაროა, მეორე კი კერძო. მას სკოლის მიღმაც საკმაოდ შთამბეჭდავი კარიერა აქვს – მათემატიკაში საქართველოს გოგონათა ნაკრების მწვრთნელია და მათ ინტენსიურად ამზადებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ივანე გოქაძემ წელს მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის საქართველოში გამართვის ნებართვა მოიპოვა. როგორც თვითონ ამბობს, ეს ისტორიული მოვლენაა, რადგან მანამდე ჩვენს ქვეყანაში მსგავსი ღონისძიება არ ჩატარებულა. ფორუმის ფარგლებში, რომელიც წყალტუბოში მოეწყო, საქართველოს 55-მდე ქვეყნის 500-მდე სტუმარი ეწვია.
როგორც აღმოჩნდა, არაერთი ჯილდოსა და მიღწევის მქონე პედაგოგი მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე ორივე სკოლამ წარადგინა. ის etaloni.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ მსგავს კონკურსში მონაწილეობა მისთვის დიდი პატივი იყო.
ივანე გოქაძემ ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ჩვენთან ვრცლად ისაუბრა.
– პირველ რიგში, საინტერესოა, რამდენი ხანია, რაც მასწავლებელი ხართ?
– ვასწავლი მას შემდეგ, რაც სრულწლოვანი გავხდი – 2006 წლიდან. თავიდან, სხვადასხვა წრე მქონდა და მოსწავლეებს ვამზადებდი. ოფიციალურად საქმიანობა მას შემდეგ დავიწყე, რაც დიპლომი ავიღე. ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა – მათემატიკის საჯარო სკოლაში კი 2009 წლიდან ვმუშაობ. 10-15 წელია, რაც საოლიმპიადო საქმეში ვარ ჩართული და მოსწავლეებს ვამეცადინებ, მსოფლიო ოლიმპიადისთვის ვამზადებ.
– სპეციალურ სამკერდე ნიშანთან ერთად, თანხაც გადმოგეცათ – 10 000 ლარის ოდენობით, თუ საიდუმლო არ არის, რაში აპირებთ მის დახარჯვას?
– სამკერდე ნიშანი მივიღეთ, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. ფულად ჯილდოს რაც შეეხება, თავიდან ბოლომდე მათემატიკაში ვარ ჩაფლული. საქართველოში ვინც ამ სფეროსთან კავშირშია, მისთვის ჩემი სახელი და გვარი მეტ-ნაკლებად ნაცნობია. რა თქმა უნდა, ეს სტატუსი დიდ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული – ამას ვგრძნობ და ვაანალიზებ. მაგალითად, მე მაქვს აბიტურიენტების კრებული, თავისი შემაჯამებლებით, დავალებებით. ეს კრებული სხვადასხვა ჯგუფში საჩუქრად ავტვირთე – ფაქტობრივად, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველას გავუზიარე. ანალოგიურად, იმ თანხასაც, საგანმანათლებლო კუთხით მივმართავ. ასევე, 3 პატარა შვილი მყავს და ცხადია, მათაც რაღაც სიმბოლური საჩუქრები შეხვდებათ.










