გელათის მონასტერს თუნუქის ფილებით ხურავენ. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის მერობის კანდიდატის, გიგა შუშანიას თქმით, თუნუქის ფირფიტებით ტაძრის გადახურვა მონასტერში ტენიანობის ზრდას და შესაბამისად ფრესკების დაზიანებას შეუწყობს ხელს. მან დღეს მონასტერში ბრიფინგი გამართა:
“ქართულმა ოცნებამ” დახარჯა რამდენიმე მილიონი და დღეს სახეზე გვაქვს უხარისხო გადახურვა, უნიკალური ფრესკები ნადგურდება. გელათი ცინკით გადახურეს ხელახლა. სპეციალისტები ამობობენ რომ ეს გადახურვა კიდევ უფრო დააზიანებს ტაძარს ზამთარში, რადგან ტენიანობა გაიზრდება და არ შეიძლება ასეთი უხარისო მასალით ტაძრის გადახურვა. ამას გამოეხმაურა „ICOMOS საქართველო“, რომელმაც თქვა რომ უბედურების მიზეზი არ არის მხოლოდ კრამიტი, არამედ არის მისი გადახურვის ტექნოლოგია და წყლის სისტემა. ეს ნიშნავს ერთ რამეს, იმის გამო რომ “ქართულ ოცნება”-ს ფული მოეპარა ადგა და ისეთი კომპანია დაიქირავა, რომელსაც არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა. გადახურვა არასწორია, ტექნოლოგია არასწორია, შეიძინეს უხარისხო კრამიტი, ეს არის ნათელი სახელი “ქართული ოცნებისა”, როდესაც დავკარგეთ 7 წელი, გავფლანგეთ და კონკერტულმა ჩინოვნიკებმა ჯიბეში ჩაიდო მილიონობით ლარი და გელათი დღეს ამ დღეშია, ეს არის დანაშაული. დღეს არ არის პოლიტიკის დრო, დღეს ერი და ბერი უნდა გაერთიანდეს რომ ეს უნიკალური ძეგლი როგორმე გადავარჩნოთ.” – განაცხადა გიგა შუშანიამ.
გელათის სამონასტრო კომპლექსში სარეაბილიტციო სამუშაოები 2013 წელს დაიწყო და რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. პროექტი ამერიკის საელჩომ და მსოფლიო ბანკმა ორ მილიონ ლარზე მეტით დააფინანსა.
მონასტერი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წელს ბაგრატის ტაძართან ერთად შეიტანეს, თუმცა, ბაგრატის ტაძარზე განხორციელებული სამუშაოების შემდეგ, იგი ნუსხიდან ამოიღეს და საფრთხის შემცველ ძეგლთა სიაში გადაიტანეს. 2017 წელს, ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, გელათის მონასტერი ისევ დააბრუნეს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.









