ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ნიკა ლატარია თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან სოციალური ქსელით განაცხადა.
ლატარიას თქმით, ეს გადაწყვეტილება არ უკავშირდება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.
„ეს გადაწყვეტილება არანაირად არ უკავშირდება მიმდინარე მოვლენებს და გთხოვთ, არ დაუკავშიროთ იმას, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში და ქალაქში. მე რამდენიმე თვის წინ გავაჟღერე გუნდში წასვლის შესახებ, მაგრამ მთხოვეს, წლის ბოლომდე დავრჩენილიყავი თანამდებობაზე. თხოვნა შევასრულე. ღმერთმა იცის, გულით და სულით ვემსახურე ჩემს ქალაქს და რაც შემეძლო გავაკეთე. არც ერთხელ არ მიღალატია გუნდისთვის და მითუმეტეს ქვეყნისთვის და ქუთაისისთვის. მაპატიოს ჩემმა ქუთაისელებმა, თუ მეტი ვერ შევძელი. იყო ამის მიზეზები და არ დავიწყებ ამაზე საუბარს. უზომოდ მიყვარს ჩემი ქალაქი და ჩემი სამშობლო, ამიტომ სხვა ფორმით გავაგრძელებ ვემსახურო მას“, – წერს ნიკა ლატარია.