აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები მკაცრად გმობს ათენი-ვილნიუსის რეისის მიმართულების შეცვლისა და ჟურნალისტ რომან პროტასევიჩის დაპატიმრების ფაქტს.
„აშშ მკაცრად გმობს ევროკავშირის ორ წევრ ქვეყანას შორის ფრენის მიმართულების იძულებით შეცვლის ფაქტს და რომან პროტასევიჩის დაპატიმრებას. ჩვენ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ,“ – განაცხადა ბლინკენმა.
მისი თქმით, საჭიროა აღნიშნული ინციდენტის სრულყოფილად გამოძიება.
„ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ ჩადენილმა ამ შოკისმომგვრელმა ქმედებამ საფრთხე შეუქმნა 120-ზე მეტ მგზავრს, მათ შორის აშშ-ის მოქალაქეებს. ინფორმაცია ბელარუსის უსაფრთხოების სამსახურების მონაწილეობისა და ბელარუსის სამხედრო თვითმფრინავის გამოყენების შესახებ ღრმად შემაშფოთებელია და მოითხოვს სრულ გამოძიებას“, – ნათქვამია სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.
შეგახსენებთ, მინსკში ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს. Ryanair- ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით მიფრინავდა და რომელშიც ჟურნალისტიც იმყოფებოდა, ბელარუსის აეროპორტში ავარიულად დაეშვა. ქვეყნის ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, თვითმფრინავი ბორტზე მყოფი ჟურნალისტის დაპატიმრების მიზნით დასვეს. ბელარუსის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით კი, თვითმფრინავი ბორტზე არსებული ბომბის საფრთხის გამო დაეშვა მინსკში, თუმცა იქ ასაფეთქებელი ნივთიერებები არ აღმოჩნდა.
წყარო : “ინტერ პრესს ნიუსი”.