“ენგურჰესის” კაშხლის ტურისტული მარშრუტი ვიზიტორებს ოქტომბრის ბოლოდან მიიღებს. ამის შესახებ BM.GE-ს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის (GEDF) ხელმძღვანელმა გიორგი ჩიქოვანმა განუცხადა.
მისი განმარტებით, ვიზიტორებს საშუალება ექნებათ, დაათვალიერონ კაშხალი და ისეთი ადგილები, რომლებიც ტურისტებისთვის ადრე ხელმისაწვდომი არ იყო.
“დაგეგმილია ამ ატრაქციისთვის ახალი მარშრუტის განვითარება, ასევე ახალი ბანერების, ეკრანის ინსტალაცია მოხდება, სადაც ენგურის სტრუქტურისა და ელექტროსადგურის შესახებ შემეცნებითი კლიპი გავა.
შემდეგი წლისთვის დაგეგმილია უკვე ტურისტულ ცენტრზე მუშაობა. ვთანამშრომლობთ დონორ ორგანიზაციებთან, ბანკებთან და ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, რომ კერძო-საჯარო პარტნიორობის ფორმატში მოხდეს ტურისტული ცენტრის განვითარება”, – განაცხადა გიორგი ჩიქოვანმა.
აღნიშნული ტურისტული ცენტრის სრული პროექტის დიზაინზე ესტონური კომპანია Coco Architecture მუშაობდა, ასევე GEDF–ს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება ამერიკულ Hoover Dam-თან .
(კაშხალი აშშ–ში, მდინარე კოლორადოზე, არიზონასა და ნევადის შტატების საზღვარზე), რომლის ანალოგიური ტურისტული ატრაქცია ენგურის კაშხლის მიმდებარედ უნდა განთავსდეს.