ევროკავშირის საბჭომ კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” წევრების წინააღმდეგ, ასევე მასთან დაკავშირებული სამი კომპანიის წინააღმდეგ სანქციები დაამტკიცა. ამის შესახებ “რადიო თავისუფლების” კორესპონდენტმა რიკარდ იოზვაკმა “Twitter-ზე” დაწერა.
“ვაგნერის ჯგუფის წინააღმდეგ სანქციები დამტკიცდა: სიაში არის სამი ენერგეტიკული კომპანია და რვა ადამიანი, რომლებიც დაქირავებულ ჯგუფთან არის დაკავშირებული. გადაწყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში დღეს მოგვიანებით გამოქვეყნდება”, – წერს ის.
ცნობისთვის, 7 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის ქვეყნების ელჩები რუსული კერძო სამხედრო კომპანიის, “ვაგნერის” დაქირავებული მებრძოლების წინააღმდეგ სანქციებს შეათანხმებენ.
„ვაგნერი“ არაოფიციალური რუსული სამხედრო ფორმირებაა, რომელიც პეტერბურგელი ბიზნესმენის ევგენი პრიგოჟინის სახელს უკავშირდება.
გავრცელებული ინფორმაციით მისი ძალები აფრიკის რამდენიმე სახელმწიფოში იბრძვიან. „ვაგნერის“ წევრები ღებულობდნენ დონბასის საბრძოლო და საოკუპაციო მოქმედებებში მონაწილეობას. ისინი იბრძოდნენ სირიასა და სუდანში ბაშარ ასადისა და ომარ ალ-ბაშირის რეჟიმების მხარდასაჭერად.










