საბერძნეთიდან დღეს სამშობლოში საქართველოს მოქალაქეების კიდევ ერთი ნაკადი დაბრუნდება. მათ სავალდებულო ორკვირიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.
მგზავრთა შორის არიან განსაკუთრებული საჭიროებების და მძიმე ქრონიკული დაავადებების მქონე პირები. ავიარეისით სამშობლოს დაუბრუნდებიან ის მოქალაქეებიც, რომლებიც “კოვიდ 19″-ის გავრცელების შედეგად თავშესაფრის გარეშე დარჩნენ.
ახლო მომავალში, ასევე დაგეგმილია რეისები ამსტერდამიდან, ბერლინიდან, იორდანიიდან და საუდის არაბეთიდან. პანდემიის პირობებში ქვეყანაში უკვე 9,500 მოქალაქე დაბრუნდა.
“ჯორჯიან ეარვეისის” გენერალური დირექტორის განცხადებით, რეისს საქართველოდან 4 მგზავრი მიჰყვება.
“ათენის მიმართულებით მიფრინავს 4 მგზავრი, ათენიდან თბილისში კი გაყიდულია 94 ბილეთი. მგზავრები გაივლიან შემოწმებას და ამის შემდეგ გადანაწილდებიან სხვადასხვა საკარანტინო ზონებში,”- განაცხადა რომან ბოკერიამ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, მთავრობა აგრძელებს უცხოეთში მყოფი ქართველების სამშობლოში დაბრუნებას.










