დარწმუნებული ვარ, დღეს იქნება წარმატებული, დემოკრატიული არჩევნების დღე. დღევანდელი დღით, გარკვეულწილად, შეიკვრება საარჩევნო ციკლი, რომელიც შარშან ოქტომბერში დაიწყო,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი პოლიტიკური არჩევანის დაფიქსირების შემდგომ განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, „ოპოზიციის კვლევითაც კი, „ქართული ოცნება“ უალტერნატივოა ამ გამარჯვებაში და ის ამ მოცემულობას შეგუებულია“.
„დღეს დემოკრატიული არჩევნების დღეა. ყველა მოქალაქის მოქალაქეობრივი მოვალეობაა, რომ საკუთარი არჩევანი გააკეთოს. ჩვენ ვირჩევთ ადგილობრივ თვითმმართველობაში ჩვენს წარმომადგენლებს. მუნიციპალიტეტები, ყველა კვლევის თანახმად, არიან ის ორგანოები, რომლებსაც ყველაზე დიდი ნდობა აქვთ ჩვენს მოსახლეობაში. ჩვენი მუნიციპალიტეტები, მერები, საკრებულოს წევრები, არიან ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ კონტაქტზე არიან მოქალაქეებთან. იციან, მათი ყველა წუხილი, ყველა სიხარული. ასე რომ, დღეს შესაძლებლობა არის, რომ ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა ქალაქში, ყველა სოფელში, ჩვენმა მოქალაქეებმა საკუთარი წარმომადგენლები აირჩიონ. დარწმუნებული ვარ, დღეს იქნება წარმატებული, დემოკრატიული არჩევნების დღე. დღევანდელი დღით, გარკვეულწილად, შეიკვრება საარჩევნო ციკლი, რომელიც შარშან ოქტომბერში დაიწყო. ჩვენ შარშან პარლამენტი ავირჩიეთ, ავირჩიეთ პრეზიდენტი. ახლა ვირჩევთ ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებს. ამით არჩევითი ორგანოები სრულად დაკომპლექტდება და 2028 წლამდე საქართველოს ექნება შესაძლებლობა, რომ ხალხის მანდატის მქონე სახელმწიფო ინსტიტუციებით იმუშაოს ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობის ზრდაზე.
რაც შეეხება დღევანდელ მოლოდინებს, თქვენ ნახეთ, რომ ოპოზიციის კვლევითაც კი, „ქართული ოცნება“ არის უალტერნატივო ამ გამარჯვებაში. მათივე კვლევით, კახა კალაძეს 60%-ს მეტი მხარდაჭერა აქვს. ასე რომ, თავადაც იცის ოპოზიციამ და შეგუებულია ამ მოცემულობას. ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენი საარჩევნო მიზანია 64-ვე მუნიციპალიტეტში მერობის არჩევნების პირველ ტურში გამარჯვება და საკრებულოებში უმრავლესობის მოპოვება. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებში 12 პარტია მონაწილეობს. მე ყველას ვუსურვებ წარმატებას მათი ოპოზიციური მანდატების მოპოვების მხრივ.
თავისთავად, რადიკალურმა ოპოზიციამ თავის თავს უნდა დააბრალოს ყველაფერი. შარშან საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მათ გადაწყვიტეს, რომ ზურგი ექციათ დემოკრატიისთვის, წასულიყვნენ რადიკალიზაციისა და ექსტრემიზმის გზით, როგორც მათ გარედან დაავალეს. ახლა იმკიან იმ შედეგებს, რაც შარშან საკუთარი რადიკალიზაციით მოახდინეს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
პაპუაშვილის თქმითვე, ვინც თავს „დემოკრატიული საქართველოს შვილად თვლის, დღეს ადგილობრივ არჩევნებზე მიდის“.
„დღეს ყველა პატრიოტის ადგილი არის საარჩევნო უბანზე. ის, ვინც თავს თვლის დემოკრატიული საქართველოს შვილად, დღეს მიდის ადგილობრივ არჩევნებზე. არჩევნები და მხოლოდ არჩევნები არის ის, რაც ჩვენ მოვიპოვეთ ჩვენი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლით. ეს არის ერთადერთი საშუალება სახელმწიფო მანდატის მიცემისა. დღეს დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ჩვენი მოქალაქეები ამ შესაძლებლობას აქტიურად გამოიყენებენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.