გერმანიაში ქმნიან დრონს, რომელიც ადამიანებს ყვირილით მიაგნებს.
ახალი უპილოტო საფრენი აპარატის დანიშნულება ბუნებრივ თუ ხელოვნურ კატასტროფას გადარჩენილ პირთა ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა იქნება.
დღესდღეობით დრონებს სხვადასხვა მიზნით იყენებენ, მათ შორის, ტვირთის გადასატანად, მიუვალი ადგილების შესასწავლად და სხვა. გერმანელმა სპეციალისტებმა მას ახალი დანიშნულება მოუძებნეს და სურთ, მსგავსი მოწყობილობების საშუალებით ხიფათში მოხვედრილი ადამიანები გადაარჩინონ.
ისინი აღნიშნავენ, რომ პოტენციური მსხვერპლებისთვის, რომლებიც, მაგალითად, ხანძრის ეპიცენტრში იმყოფებიან ან შენობის ნანგრევებში არიან მოყოლილი, დროს გადამწვეტი მნიშვნელობა აქვს. სამაშველო ჯგუფებს კი ხშირად მათ მისაგნებად საკმაოდ დიდი მანძილის გავლა უწევთ, რაც ხანგრძლივი პროცესია. მეცნიერთა თქმით, ინოვაციური ტექნოლოგია სწორედ ამგვარ სიტუაციებში დაგვეხმარება. დრონების მეშვეობით ფართო არეალის დათვალიერება და იმ ადამიანების სწრაფად აღმოჩენა გახდება შესაძლებელი, რომლებიც შველას ითხოვენ.