“ვარშავასა და კიევს შორის მეგობრული ურთიერთობების გათვალისწინებით, რაც განსაკუთრებით გამოიკვეთა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის პირობებში, უკრაინასა და პოლონეთს შორის კეთილმეზობლობის შესახებ ახალი შეთანხმების ხელმოწერის დრო დადგა“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ უკრაინის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, რუსეთის აგრესიამ აჩვენა, რომ უკრაინასა და პოლონეთს შორის საგზაო, სარკინიგზო და ინფრასტრუქტურული კომუნიკაციების ქსელი არასაკმარისია.
მისივე თქმით, კარგი იქნება, თუ კიევსა და ვარშავას შორის სწრაფი სარკინიგზო მიმოსვლა იქნება შესაძლებელი.
„ჩვენ მას ერთად ავაშენებთ”, – აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.
დუდა უკრაინის სახელმწიფოს მეთაურს, ვლადიმირ ზელენსკის შეხვდება. ასევე, გაიმართება მოლაპარაკებები ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის.უკრაინის უმაღლეს რადაში პოლონეთის პრეზიდენტს ტაშით შეხვდნენ. ის პირველი პრეზიდენტია, რომელმაც, რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ, უკრაინის პარლამენტს მიმართა.
ანდჟეი დუდა უკრაინაში ომის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, 23 თებერვალსაც იყო, რუსეთის შეჭრის შემდეგ კი, ქვეყანას 13 აპრილს სტუმრობდა.









