რუსეთს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს, რომ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას სერიოზული შედეგები მოჰყვება, – ეს აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, რუსეთისა და უკრაინის შესახებ ავრცელებენ.
მასში ხაზგასმულია, რომ საზღვრების შეცვლის მიზნით ძალის ნებისმიერი გამოყენება მკაცრად საერთაშორისო სამართლის მიხედვით აკრძალულია.
“ჩვენ, დიდი შვიდეულის წევრი სახელმწიფოების კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, გაერთიანებული სამეფოს და ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ვართ ერთიანნი რუსეთის სამხედრო ძალების ზრდისა და უკრაინის მიმართ აგრესიული რიტორიკის დაგმობის საკითხში.
რუსეთს დეესკალაციისკენ, დიპლომატიური არხების გამოყენებისა და სამხედრო მოქმედებების გამჭვირვალობის შესახებ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ მოვუწოდებთ, როგორც ეს პრეზიდენტმა ბაიდენმა პრეზიდენტ პუტინთან საუბრისას 7 დეკემბერს აღნიშნა.
ჩვენ მხარს ვუჭერთ ნორმანდიის ფორმატის ფარგლებში საფრანგეთისა და გერმანიის ძალისხმევას, რათა აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული კონფლიქტის მოგვარება მოხდეს მინსკის შეთანხმებების სრულად განხორციელებით.
საზღვრების შეცვლის მიზნით ძალის ნებისმიერი გამოყენება მკაცრად აკრძალულია საერთაშორისო სამართლის მიხედვით. რუსეთს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს, რომ უკრაინის წინააღმდეგ შემდგომ სამხედრო აგრესიას სერიოზული შედეგები და მძიმე ფასის გადახდა მოჰყვება.
ვადასტურებთ ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ისევე როგორც ნებისმიერ სუვერენულ სახელმწიფოს უფლებას, თავად განსაზღვროს თავისი მომავალი. მივესალმებით უკრაინის თავშეკავებულ პოზიციას.გავაძლიერებთ თანამშრომლობას ჩვენს საერთო და ყოვლისმომცველ საპასუხო ქმედებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.










