მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ემოციური სტატუსით ეხმაურება კახეთში, ავარიის დროს გარდაცვლილი ელენე მეგრელიშვილის დედის მიმართვას, რომლითაც ნინო ერემაშვილი მოქალაქეებს ავარიის დროს დაშავებული ანა ქართლელიშვილისთვის ლოცვას სთხოვს.
„ჩემ ბრდღვიალა მზე გოგოს მე მივხედავ… ყველას გთხოვთ, ილოცეთ და დაეხმარეთ ელენეს მეგობრის გადარჩენაში“ – გურჯაანში ავარიის დროს დაღუპული ელენეს დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს
„ის შესანიშნავი გოგო, ელენე, ავარიას რომ ემსხვერპლა, ჩემი კარგი ნაცნობის, ნინო ერემაშვილის შვილია. მეორე გოგო სიცოცხლისთვის იბრძვის. ნინოს ეყო ძალა და წერს: იმ გოგოსთვის ილოცეთ, ელენეს მე მივხედავო. და ცხადია, რომ ანასთვის უნდა ვილოცოთ ყველამ. მაგრამ ყველაზე ძლიერი ნინოს ლოცვა რომ იქნება – ეგეც ვიცი.
ადრეც მითქვამს ეს – მე თვითონ შვილმკვდარი ოჯახიდან ვარ და არცერთი მხრიდან არ არის უცხო სიკვდილი ჩემთვის. ამიტომაც, ფიქრი და დაკვირვება სულ მის ირგვლივ ტრიალებს. ზუსტად ვიცი: შვილმკვდარი დედები ვერასდროს იყურებიან მაღლა. მეტიც – მათ პირდაპირ მზერაც კი უჭირთ. ვერასდროს გახდება ადამიანი ადამიანზე მეტი. ვერასდროს მიიღებს, რომ სიკვდილი ერთი ბანალური აქტია და ადრე თუ გვიან ყველას დაგვასრულებს ან იმას, რომ „ღმერთს თავისთვის მხოლოდ კარგები უნდა“.
შეიძლება მერე, მერე, წლების მერე ეს მცირე საყრდენადაც იქცეს, მაგრამ არა ახლა და ამწამს. დედა ამ ჭირთან ისე მარტოა, როგორც თვითონ სიკვდილთან ადამიანი. მე მხოლოდ ძალას ვუსურვებ ნინოს და სხვებსაც, ვისაც ახლა შვილი მოუკვდა და მათ შესახებ არაფერი ვიცით. იმ გამოუცნობ ძალას, რომელიც სიცოცხლეში აჯიუტებს ადამიანს, სხვა დარჩენილი სიცოცხლეების დასახმარებლად. იმ ძალას, ბებიაჩემის თვალებში რომ ვხედავდი, თუმცა არასდროს მინახავს მისი თვალები, რადგან სულ დახრილი ჰქონდა“, – წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.