აშშ-ის კალიფორნიის შტატში მდებარე არაკომერციული კვლევითი ორგანიზაციის SETI Institute მთავარმა ასტრონომმა, სეთ შოსტაკმა ბრიტანული მედიის The Guardian ვებგვერდზე გამოქვეყნებულ საავტორო სტატიაში აცხადებს, რომ არამიწიერი ცივილიზაცია ჩვენს პლანეტაზე სტუმრობის შემთხვევაში აქ არა გონიერ არსებებს, არამედ რობოტებს გამოგზავნის.
სეთ შოსტაკი აღნიშნავს, რომ ჩვენს გალაქტიკაში განლაგებული ყოველი მესამე ვარსკვლავის გარშემო დედამიწის მსგავსი პლანეტა მოძრაობს, შესაბამისად, რომელიმე მათგანზე აუცილებლად იარსებებს სიცოცხლის გონიერი ფორმები, რომლებსაც, შესაძლოა, ოდესმე შევხვდეთ. სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ნაწარმოებებსა თუ ფილმებში უცხოპლანეტელებს, ძირითადად, ადამიანისმაგვარი აგებულების ორგანიზმებად წარმოადგენენ, მაგალითად, მწვანე კაცუნებად, რომლებსაც ოთხი კიდური აქვთ და გამართულად დადიან. თუმცა, ასტრონომის აზრით, ეს ნაკლებად სავარაუდოა. მათი ბიომასა ჩვენნაირად ნახშირბადზე არ იქნება დაფუძნებული, ხოლო შემეცნებითი უნარები ტვინით არ გაკონტროლდება. მიზეზი კი მარტივია – არამიწიერი ცივილიზაცია კაცობრიობის წინაშე, სავარაუდოდ, რობოტების სახით წარსდგება.
სეთ შოსტაკის განცხადებით, არაა გამორიცხული, რომ არამიწიერი ცივილიზაციები ჩვენსას განვითარებით რამდენიმე მილიონი ან მილიარდი წლითაც კი უსწრებდეს, ჩვენზე ბევრად სწრაფი კოსმოსური ხომალდები და დახვეწილი ტექნოლოგია ჰქონდეს, მაგრამ, ამის მიუხედავად, ფიზიკის კანონების დაძლევა მათთვის მაინც შეუძლებელი იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ ვარსკვლავთაშორისი მოგზაურობისთვის დიდი დრო იქნება საჭირო. განსაკუთრებით იმის გავითვალისწინებთ, თუ რა მანძილი აშორებს ერთმანეთისგან თუნდაც უახლოეს პლანეტურ სისტემებს. აქედან გამომდინარე, ცოცხალი არსებები დედამიწამდე ვერ მოაღწევენ, ამიტომ ისინი საკუთარ თავს ხელოვნური ინტელექტით ჩაანაცვლებენ და ჩვენთან შესახვედრად სწორედ ჭკვიან მანქანებს გამოუშვებენ, რომლებიც ხანგრძლივ მგზავრობას ადვილად გაუძლებენ.
მეცნიერის ჰიპოთეზის თანახმად, დედამიწაზე უცხოპლანეტელების ვიზიტი სულაც არ იქნება ისეთი, როგორიც ბევრ ჩვენგანს წარმოუდგენია. უფრო მეტიც, ეს, შესაძლოა, ჩვენთვის საკმაოდ ცუდად დასრულდეს, რადგან რობოტებს, თუ მათ რაიმე ცუდი განზრახვა აქვთ, წინ ვერაფრით აღვუდგებით.
წყარო : “popx.ge”.










