დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრმა მინიმალურად ინვაზიური ხერხემლის ქირურგიის საერთაშორისო კურსს უმასპინძლა.
ღონისძიება ქართველი და საერთაშორისო ნეიროქირურგებისთვის თანამედროვე მიდგომებისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელოვან პლატფორმად იქცა.
კურსის ფარგლებში დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრს ეწვია მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ნეიროქირურგი, პროფესორი ჰამიდ აბასი — მინიმალურად ინვაზიური ხერხემლის ქირურგიის ტექნიკის ავტორი ჰიუსტონიდან, აშშ.
ორდღიანი საერთაშორისო კურსი მოიცავდა: პრაქტიკულ სამუშაო სესიებს, მინიმალურად ინვაზიური ხერხემლის ქირურგიის უახლესი მიდგომების განხილვას, რეალური კლინიკური შემთხვევების პრეზენტაციასა და ანალიზს, დისკუსიებს ხერხემლის ქირურგიის განვითარების თანამედროვე მიმართულებებზე. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ პირდაპირი ტრანსლაციის საშუალებით თვალი ედევნებინათ ოპერაციების მიმდინარეობისთვის და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად განეხილათ კლინიკური შემთხვევები.
კურსის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ნეიროქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელის, იაკობ ცერცვაძის მოხსენებას — „ხერხემლის ქირურგიის კულტურის ცვლილება — პირადი გზა მინიმალურად ინვაზიური მიდგომებისკენ“, რომელიც შეეხებოდა თანამედროვე ნეიროქირურგიაში მინიმალურად ინვაზიური მიდგომების დანერგვის მნიშვნელობას, პროფესიულ გამოცდილებასა და პრაქტიკულ ხედვებს.
მინიმალურად ინვაზიური ხერხემლის ქირურგიის საერთაშორისო კურსის ორგანიზება და ჩატარება მნიშვნელოვანი მოვლენაა საქართველოში თანამედროვე ნეიროქირურგიის განვითარების პროცესში. მსგავსი მასშტაბის ღონისძიებები ხელს უწყობს მინიინვაზიური ხერხემლის ქირურგიის დანერგვასა და გაძლიერებას ქვეყანაში, პროფესიული ცოდნის გაზიარებასა და საერთაშორისო სამედიცინო თანამშრომლობის გაღრმავებას.
















