ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი, გაერთიანებული ბრიტანეთი და კანადა ბელარუსს ახალ სანქციებს უწესებენ. სანქციები შეეხება ოფიციალურ პირებს და ორგანოებს, მათ მიერ „მიმდინარე თავდასხმების გამო დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე, საერთაშორისო ნორმებზე და ბელარუსების სასტიკი რეპრესიების გამო ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ“, -ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ამერიკის სახელმწიფო დეპარტმანეტმა გაავრცელა.
აშშ-მ სანქციები 32 ოფიციალურ პირს და ერთეულს დაადო. მათ შორის, სახელმწიფო საწარმოებს, რომლებიც მხარს უჭერენ პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს მთავრობას. სანქცირებულია ასევე ლუკაშენკოს შვილი, დიმიტრი.
შეერთებულმა შტატებმა, ბელარუსის მთავრობისთვის ასევე დააწესა შეზღუდვები საგარეო ვალის აღებასთან დაკავშირებით.
„დღევანდელი ქმედებები ცხადყოფს ჩვენს ურყევ გადაწყვეტილებას ვიმოქმედოთ სასტიკი რეჟიმის წინაშე, რომელიც სულ უფრო მეტად თრგუნავს ბელარუს ხალხს, ძირს უთხრის ევროპის მშვიდობასა და უსაფრთხოებას და აგრძელებს იმ ადამიანების შეურაცხყოფას, რომლებიც მხოლოდ თავისუფალ ცხოვრებას ცდილობენ. ეს სანქციები ასევე პასუხია ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ სხვა ქვეყნებიდან მოწყვლადი მიგრანტების თავხედურ ექსპლუატაციაზე, რათა მიგრანტების კონტრაბანდის ორკესტრირება მოხდეს ევროკავშირის ქვეყნების საზღვართან“, – თქვა ენტონი ბლინკენმა.
წყარო: ამერიკის ხმა










