დანიის ნაკრების ფეხბურთელებმა კრისტიან ერიკსენის ინციდენტზე ისაუბრეს. პიერ-ემილ ჰოიბიერგმა, კასპერ შმეიხელმა და მარტინ ბრაიტუაიტმა ფინეთთან გამართული მატჩი და პირველი ტაიმის ბოლოს განვითარებული მოვლენები გაიხსენეს.
ჰოიბიერგი: „დავინახე კრისტიანი, რომელიც მინდორზე იწვა. მისი თვალები თეთრი იყო და ვიფიქრე, რომ ეს ძალიან უცნაური გახლდათ. დავინახე, საიმონ კიაერი მისკენ როგორ გაიქცა და ამის შემდეგ იწყებ ფიქრს, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო.
ერიკსენისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენა უფრო და უფრო მეტმა ადამიანმა სცადა და დავინახე საიმონი ხელებს როგორ აქნევდა. დიდი ხნის განმავლობაში მწვრთნელებთან ერთად ვიდექი და ვხედავდი, ხელებს როგორ აქნევდნენ. ეს ძალიან საშიში რამ იყო“.
შმეიხელი: „ავირჩიე, ჩემი თავისთვის მეთქვა, რომ ამ ისტორიას ბედნიერი დასასრული ექნებოდა. ბუნებრივია, დასრულებული ჯერ არაფერია, თუმცა შეიძლებოდა, გაცილებით ცუდი ფინიში გვქონოდა. მადლობელი ვარ, რომ იმ გუნდის ნაწილი ვარ, რომელიც ერთ მუშტად შეიკრა და მადლობელი ვარ, რომ კრისტიანი ისევ აქაა. იმ მომენტში, ვეცადე, წარმომედგინა, რა მოხდებოდა მინდორზე მის ნაცვლად მე რომ ვყოფილიყავი. ვიცოდი კრისტიანის მეუღლე, შვილები და მშობლები სტადიონზე რომ იყვნენ და მათი მოძებნა ვცადე. მათ არაადამიანური სიტუაციის გამოვლა მოუწიათ.










