ბიზნესმენი, „სილქ როუდ ჯგუფის“, „სილქნეტის“, „ევრონიუს ჯორჯიასა“ და სხვა არაერთი კომპანიის დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი დააკავეს.
ინფორმაცია, რომელიც თავდაპირველად ტელეკომპანია „პირველმა“ გაავრცელა, რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
შსს-ის პრესცენტრის თანახმად, ის დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, – ეს ბრალდება გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება-დამზადებას.
ბრალდება ორ წლამდე პატიმრობას, ჯარიმას ან ექვსი თვიდან ორ წლამდე შინაპატიმრობას ითვალისწინებს.
„სილქნეტმა“ და „სილქ როუდ ჯგუფის“ კომპანიებმა 2024 წლის 30 ნოემბერს – ანტისამთავრობო საპროტესტო დაწყებიდან ორი დღის შემდეგ, – განაცხადეს, რომ მხარს უჭერდნენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრების მისწრაფებას.
„ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო არ უნდა გავიდეს საკონსტიტუციო მართლწესრიგიდან და დარჩეს ევროპულ სივრცეში. ამ გზაზე უარის თქმა ნიშნავს თავისუფლებაზე, წინსვლასა და მომავალზე უარის თქმას“
„არა ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ“, – განაცხადეს კომპანიებმა.
58 წლის გიორგი რამიშვილი არის კომპანია „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
ის ასევე არის აშშ-ის მიერ სანქცირებული ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მეჯვარე (2018 წლის ქორწინებაში).
გიორგი რამიშვილი გეგმავდა ბათუმში Trump Tower-ის აშენებას, თუმცა გარიგება 2016 წელს ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ჩაიშალა.