“სფერო ინვესტის” დირექტორი დაკავებულია – გიორგი მურუსიძეს, რომელსაც ძებნილის სტატუსი ჰქონდა, ხელბორკილები იტალიაში, საქართველოს საელჩოში დაადეს.
“პირველებმა” გაარკვია, რომ კაცი, რომელსაც ხალხის ფულის მოპარვას ედავებიან, ევროპას პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვდა და საელჩოში დოკუმენტების ასაღებად მივიდა რა დროსაც ის სამართალდამცველებმა აიყვანეს.
მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, სასჯელს იხდის „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გივი წულეისკირი.
წულეისკირის დაკავებისთანავე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო „სფერო ინვესტის“ დირექტორის გიორგი მურუსიძის მიმართ.
პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულთა ქმედებების შედეგად, მოქალაქეებისთვის მიყენებული ზიანი 12 მილიონ ლარს აღწევს.
დაზარალებულების თქმით, მათ “სფერო ინვესტი” “გირის ალტერნატივას” სთავაზობდა, კომპანიაში თანხის დაბანდების სანაცვლოდ მოქალაქეებისთვის სფერო ჰოლდინგი ბინას ქირაობდა, ფულის ინვესტირებას კი მათ ბიზნესებში ახდენდა. ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ სფეროს ჰოლდინგის მოქალაქეებისთვის თანხა სრულად უნდა დაებრუნებინა, თუმცა პირობა არა ერთი მოქალაქის შემთხვევაში დაირღვა. ნაქირავები ბინებიდან ხალხი გამოაძევეს.










