გარემოსდაცვითი პოლიტიკის გასაძლიერებლად გერმანიის მთავრობამ საქართველოს 24 მლნ ევრომდე გრანტი გამოუყო, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
„საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, კლაუს ფაიგელმა საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის, ხელი მოაწერეს საგრანტო ხელშეკრულებას ,,ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება საქართველოში“, რომლის საფუძველზეც ქვეყანა 24 მლნ ევრომდე მოცულობის გრანტს მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი ორ ქვეყანას შორის განვითარების სფეროში მიღწეული თანამშრომლობის ფარგლებში, ქვეყანას ეხმარება ისეთ მნიშვნელოვან სექტორებში როგორიცაა: გარემო და ენერგეტიკა, მათ შორის, ენერგოეფექტურობის მიმართულება, ურბანული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება, დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, სამოქალაქო საზოგადოება და საჯარო ადმინისტრირება.
დღეს ხელმოწერილი ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული გრანტი ნაწილდება სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოზე. თანხის ერთი ნაწილი მოხმარდება აჭარის სატყეო სააგენტოს შესაძლებლობების განვითარებას, მეორე ნაწილი – დაცული ტერიტორიების ხელშეწყობას, მათ შორის, რაჭასა და შიდა ქართლში ორი ახალი დაცული ტერიტორიის ჩამოყალიბებას“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.