სილამაზის სალონების ფედერაციის პრეზიდენტის თამარ შარაშენიძის განცხადებით, „სალონებში რიგები უკვე გავსებულია, რადგან ხალხი ჩაწერილია.
„მომხმარებელთან ერთი თხოვნა მაქვს – ძალიან გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ, რადგან თავისუფლად არის შესაძლებელი, რომ მიხვიდეთ სალონში და ვერ მიგიღოთ. სალონებს აღარ აქვთ იმის ფუფუნება, რომ მოცდის რეჟიმში იქვე დაგსვან“, – განაცხადა თამარ შარაშენიძემ.
მისივე თქმით, ახალი რეგულაციები სექტორისთვის მისაღებია და აღარ არის იმის შიში, რომ ობიექტები დაიხურება.
„ზოგად რეგულაციებთან დაკავშირებით, რომელშიც მოექცა სილამაზის სალონები, ბიზნესს ჰქონდა გარკვეული შენიშვნები და რეკომენდაციები, ამის საფუძველზე შეიკრიბა ფედერაციის სამუშაო ჯგუფი, რომელმაც იმსჯელა ამ საკითხზე. აქტიურად ჩაერთო ბიზნესომბუდსმენი, ჯანდაცვის სამინისტრო შესაბამის სტრუქტურასთან ერთად და უკვე ნამდვილად მორგებულია ბიზნესზე ახალი რეგულაციები და ის შიში, რომ დავიხურებით და ვეღარ ვიმუშავებთ, ჩემი აზრით აღარ არის, რადგან რაღაც რეგულაციების დაცვა მოგვიწევს, მთელი მსოფლიო გადაეწყო“, – განაცხადა თამარ შარაშენიძემ იმედის დილის ეთერში.
სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები საქართველოში 18 მაისიდან გაიხსნება.
ეკონომიკის მინისტრმა განმარტა, როგორ იმუშავებს სილამაზის სალონები. ნათია თურნავას თქმით, ამ ტიპის დაწესებულებებში ელექტრონული რიგის სისტემა იმოქმედებს და აუცილებელი იქნება სოციალური დისტანციის დაცვა.