ქუთაისში ბარ-რესტორანი “პრესის სახლი”, მუშაობის განახლებას ვერ ახერხებს.
როგორც “პრესის სახლში” აცხადებენ, მუშაობის გაგრძელების საშუალებას მათ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები არ აძლევთ. ისინი მომხმარებლებისთის “ფესიბუკზე” პოსტს ავრცელებს:
“მიმდინარე მოვლენების ფონზე არსებული აკრძალვების გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილება დროებით შევწყვიტოთ ფუნქციონირება. მოგეხსენებათ, პრესის სახლი საღამოს წვეულებების ადგილი იყო. ჩვენთან აღნიშნავდნენ იუბილეს, ზეიმობდნენ დღესასწაულებს და სხვადასხვა ღირსშესანიშნავ თარიღებს. ყოველ საღამოს სცენა ეთმობოდა ცოცხალი მუსიკის შემსრულებლებს, ბენდებს და მომღერლებს. ცეკვა და გართობა გრძელდებოდა გვიან ღამემდე. დღევანდელი რეგულაციების პირობებში, სამწუხაროდ ჩვენი ფორმატი არ არის თავსებადი ვირუსის პრევენციის ნორმებთან. გვეკრძალება ხალხმრავალი წვეულებები და ცეკვა. არ არის დასაშვები სცენაზე იდგეს მუსიკალური ბენდი, ოფიციალურად აკრძალულია იუბილესა და მსგავსი ზეიმების აღნიშვნა და დაწესებულია ფულადი ჯარიმები დამრღვევთათვის. შესაბამისად გვიწევს ამ რთული გადაწყვეტილების მიღება. იმედი გვაქვს, რომ მალე ჩაივლის რთული პერიოდი, სამუდამოდ დავემშვიდობებით პირბადეს და დისტანციურ ურთიერთობებს და ისევ შევხვდებით ჩვეულ გარემოში ერთმანეთს. მანამდე კი გიზიარებთ ჩვენი არსებობის სულ რაღაც 2 თვის მანძილზე დაგროვილ საუკეთესო მომენტებს. გისურვებთ ბედნიერ მომავალს!” – ნათქვამია ბარ-რესტორანის “პრესის სახლი” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.