,,ანტივაქსერობა ადამიანთა მოდგმისთვის ევოლუციიდან თანმდევი სიბნელის ნაირსახეობაა, რომელიც მუდამ გონებრივი პროგრესის მიღმა რჩება.
ის არსობრივად იდენტურია ფანატიზმის ყველა სხვა გამოვლინებისა, რომეთა უკანაც გონების უმწეობა და უცნობის მიმართ პირველყოფილი შიში იმალება.
თუმცა განსასხვავებელია „პასიური“ და „აქტიური“ ანტივაქსერობა:
„პასიური“ ჩვეულებრივი ნევროტიკია (იპოქონდრია, აკვიატებული ნევროზი), რომელსაც აცრის ეშინია, ისევე, როგორც შეიძლება კბილის ექიმის ეშინოდეს.
ის არავის არ ვნებს, საკუთარი თავის გარდა, თუმცა აკვიატებები მისი ცხოვრების ფსიქიკური ნორმაა და ნებისმიერი „უკეთესი“ მისთვის მტანჯველი.
სულ სხვა შემთხვევაა „აქტიური“ ანტივაქსერი, რომელიც მუდამ შეთქმულებების მხილებაშია, მუდამ ვიღაცას ებრძვის და თავიც სხვების მხსნელად თუ უზენაესი მიზნისთვის თავდადებულად წარმოუდგენია.
მისთვის მთავარია სწორედ საკუთარი მესიანური როლი, რაც შეიძლება მეტის აყოლიება და გადაბირება, მათი თავგანწირული წინამძღოლის, ან მიმდევრის თამაში, რელიგიური ფორმის აღგზნება, კოლექტიურ ექსტაზში ყოფნა.
თუმცა ბუნებრივ, ევოლუციურ ეგზალტაციის უნართან ერთად, ასეთი ადამიანები დაბალი ინტელექტით,
მარტივი სააზროვნო უნარით და თვითკრიტიკის სრული უუნარობით გამოირჩევიან,
რაც მათ იდეალურად ეხმარება იმაში, რომ არ დაფიქრდნენ საით, რა შედეგისკენ მიუძღვიან ადამიანებს, ან მიყვებიან საკუთარ ბელადებს.
გადამწყვეტია საბრძოლო ექსტაზში ყოფნა, რაც ლოგიკურად წარმოშობს მსხვერპლშეწირვის, სისხლის აუცილებლობას.
ამ კატეგორიის ხალხი მუდამ რელიგიით ინიღბება, დარწმუნებულიცაა, რომ უზენაესი ჭეშმარიტების სახელით მოქმედებს და თავს მოწოდებულად გრძნობს.
შესაბამისად, ღმერთის სახელით კვლა, ან სიკვდილისკენ ბიძგება, ძალადობა, ტერორიზმი ამ კატეგორიის თავისთავად ცხადი, რელიგიური განზომილებაა,
თვითმკვლელი ტერორისტები კი ამ „რელიგიის“ ექსტრემალური, მაგრამ ლოგიკური გამოვლინება.
თანამედროვე ანტივაქსერიც რელიგიური ტერორისტია, იმის გათვალისწინებით, რომ მისი რელიგია ზეკონფესიონალურია.
ის შეიძლება ქრისტიანი იყოს, მუსლიმი, ბუდისტი, თუმცა სინამდვილეში ესა თუ ის ტრადიციული რელიგია მხოლოდ შემთხვევითობითაა განპირობებული, სრული პირობითობაა.
სინამდვილეში მისი რელიგია არა რწმენაზე, არამედ თვითკმაყოფილ და თვითკმარ აკვიატებაზე დგას, რაც სრულიად გამორიცხავს მასთან დიალოგის შესაძლებლობას.
პანდემია ამ საერთაშორისო რელიგიური ტერორიზმის ოქროს ხანაა, მისი რთველია.
კატასტროფები და არეულობები ამ სახეობისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია.
„მაღალი იდეალები“ მათ დესტრუქციულ, გონებით უმართავ სიბნელეს წმინდა მიზნით ნიღბავს.,
შესაბამისად, შედეგებზე პასუხისმგებლობა წინასწარ მოხსნილი აქვს, – თუ რამე დაშავდა, თუ ხალხი დაიხოცა – ეს სხვისი ბრალია.
ამდენად, მსოფლიოს არა მხოლოდ კოვიდ 19-თან თანაარსებობა და მისგან თავდაცვა მოუწევს,
არამედ გაფართოებულ და საერთაშორისო რელიგიურ მოძრაობასთანაც,
რომელმაც პანდემიის სახით უზარმაზარი შთაგონება და საკვები მიიღო. “-წერს პროფესორი გიორგი მაისურაძე.