ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადმინისტრაციულ ხარჯებს 70 000 ლარით ამცირებს – ამის შესახებ განცხადება ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე გააკეთა.
საბიუჯეტო ცვლილებების პროექტის თანახმად ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო წარმომადგენლობით, სამივლინებო, საოფისე და არასაფინანსო აქტივებთან დაკავშირებულ ხარჯებს 70 000ლარით შეამცირებს. კოვიდ პანდემიით გამოწვეული ვითარების გათვალისწინებით, აღნიშნული თანხები სრულად მიიმართება მოქალაქეთა საჭიროებების დასაფინანსებლად.
ამ ეტაპზე დაზოგილი თანხების ათვისება რამდენიმე მიმართულებით იგეგმება, ეს შესაძლოა იყოს სატრანსპორტო შეღავათების სუფსიდირება, ბაგა-ბაღების მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვა, ან საბინაო ინფრასტრუქტურის აუმჯობესების პროექტები. აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა აქტიურად გრძელდება.
საკრებულოს ადმინისტრაციული ხარჯები 2020 წელს:
რაც შეეხება 2020 წელს – ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სამივლინებო ნაწილში ქვეყნის შიგნით დახარჯა 986 ლარი, ქვეყნის გარეთ მივლინებისათვის 3431 ლარი. 2020 წელს საკრებულოს წარმომადგენლობითი ხარჯები კი 3537 ლარი გახლდათ. წინა წელთან შედარებით 2020 წელს 40 000 ლარით შემცირდა საწვავის და ავტოტექნიკური მომსახურების ხარჯები. პანდემიის გამოცხადების პარალელურად საკრებულოს თანამდებობის პირებმა შეიმცირეს საწვავის ხარჯები, თავმჯდომარემ მთლიანად გაიუქმა პირველი ლოქდაუნის პერიოდში და სამსახურეობრივი მანქანით არ უსარგებლია არც მას შემდეგ. 2019 წელს საკრებულოს მიერ ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლოატაციისა და მოვლა პატრონობისათვის 140 559 ლარი (მათ შორის: საწვავ -საპოხი მასალა-131 577 ლარი, ხოლო ავტოტექმომსახურებაზე 8 982 ლარი), პანდემიის პირობებში თანხების დაზოგვის მიზნით შემცირდა საწვავის ლიმიტები და ჯამში დაიხარჯა ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლოატაციისა და მოვლა პატრონობისათვის 100 362 ლარი (მათ შორის საწვავ-საპოხი მასალები – 98 129 ლარი, ავტოტექმომსახურებაზე კი 2 234 ლარი).
2021 წლის ბიუჯეტში ინიცირებული ცვლილებით, წარმომადგენლობითი და სამივლინებო ხარჯები მნიშვნელოვნად მცირდება მივლინების ხარჯები – 15 ათასი ლარით, ოფისის ხარჯები – 15 ათასი ლარით, წარმომადგენლობითი ხარჯები – 10 ათასი ლარით.
„პანდემიის პირობებში, ჩვენი მთავარი ორიენტირია, მოქალაქეთა საჭროებებზე მორგებული პროგრამების შემუშავება, ასევე ფინანსების მაქსიმალური მობილიზება, რათა შევძლოთ არსებულ გამოწვევეთან გამკლავება. აქტიურად ვმსჯელობთ საკრებულოს ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების შესაღებ. ამ ეტაპზე განიხილება საკრებულოს ხარჯების 70 000 ლარით შემცირების გადაწყვეტილება, ეს ეხება წარმომადგენლობით, სამივლინებო, საოფისე და არაფინანსურ აქტივებთან დაკავშირებულ ხარჯებს. ამასთან ვმსჯელობთ თუ რა მიმართულებით მოხდება ამ თანხების ათვისება, გვაქვს რამდენიმე ალტერნატივა, ეს შეიძლება იყოს გარკვეული სოციალური ჯგუფებისთვის სატრანსპორტო შეღავათების დაწესება, ბაგა-ბაღების მატერიალურ, ტექნიკური აღჭურვა ან საბინაი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულება. “ -განაცხადა ირაკლი შენგელიამ.









