გამოდის ენკა გავიდა, მაგრამ ენკა რჩება – ამასობაში ხეობა პარტახდება, იცლება და ეკონომიკურადაც ნადგურდება – “ნამახვანჰესის” მშენებელი კომპანიის “ენკა” გადაწყვეტილების შესახებ ნუგზარ კოხრეიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“ენკა ინსაატი-ს გადაწყვეტილების თაობაზე
მიმდინარე მოვლენა და მასთან დაკავშირებული რეაქციები (ზოგი კარგად ნაცნობი პირებისგან პროპაგანდისტულიც) გასაგებია.
საკითხის იმგვარად წარმოჩენა, რომ ენკა შეაჩერა ხალხის პროტესტმა და ამიტომ ამ პროტესტის სპიკერი ვარლამი გახადო დაცინვის ობიექტი და თხზა უამრავი კონსპირაციის თეორია მცდარი მოსაზრებაა და არ ასახავს სრულ სურათს.
ძალიან ბევრ ჩემ ნაცნობს ვეუბნებოდი, რომ ნამაჰვანი ვერ აშენდება. არა იმიტომ რომ მე არ მინდა ან ვინმე, რომელიმე კოპმანია ვერ შეძლებს მის “აშენებას”, არამედ იმიტომ რომ უამრავი ბუნებრივი ხელშემშლელი პირობაა, რომელთა უმრავლესობა შესწავლილი არ არის.
დაჩქარებული კლიმატის ცვლილებების ფონზე კი გაუარესებულია ვითარება.
ენკას ჰქონდა ბევრი გამოწვევა და მათ შორისაა:
1. ადგილობრივი ფერმერები, მევენახეები და მათ ირგვლივ გაერთიანებული საზოგადოება, რომელთა რიცხვი ბოლო 2 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამ ადამიანებმა შეძლეს ბევრი რამ. მოგწონს თუ არ მოგწონს ისინი, შედეგი არის სახეზე.
2. კერძო სხვა საერთაშორისო კომპანია ინვესტორები, რომელთა ინტერესები ზარალდებოდა ამ პროექტის განხორციელებით. ზოგმა მათგანმა გამოიყენა კიდეც საერთაშორისო ინსტრუმენტი და უჩივლა სახელმწიფოს შესაბამის ევრო სტრუქტურაში და უფრო მეტიც გამოიყენა საკუთარი მთავრობის კავშირები თავისი კომპანიის ინტერესების დასაცავად.
3. ენკას პრობლემა ჰქონდა ადგილობრივ ექსპერტებთანაც, განსაკუთრებით გარემოსდაცვით ნაწილში (გარდა ამისა სეისმოლოგებთან, ჰიდროლოგებთან და ა.შ.), რომელთა მოსაზრებებს რბილად რომ ვთქვათ არ ითვალიწინებდა. შექმნა პირობითი პლატფორმა, რომელიც ერთხელ შეკრების მერე აღარ შეკრებილა და დაპირებული კვლევებიც (მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი) დღემდე არ წარმოუდგენია.
4. ენკას ჰქონდა პრობლემები სხვა დაინტერესებულ მხარეებთანაც, რომელთანაც ურთიერთობა დააკისრა მთავრობას. ყველაზე ცუდი კომუნიკატორი შეარჩია მესამე პირებთან საქმის მოგვარების კუთხით.

დღემდე დაუდგენელია რას ნიშნავს ენკას ინსაათის მიერ განაცხადი 2019 წლის ხელშეკრულების გაწყვეტის თაობაზე, როცა ყველა დღეს არსებული რესურსი მის ქართულ შვილობილ კომპანია “ენკა რენივებლზ” 2016 წლის ხელშეკრულების საფუძველზე ეკუთვნის. გამოდის ენკა გავიდა, მაგრამ ენკა რჩება.

წავა თუ არა ენკა არბიტრაჟში? მე პირადად მეეჭვება. თუმცა ენკას არბიტრაჟში წასვლა არ ნიშნავს, რომ ის მოიგებს, როგორც ეს უკვე უპირობოდ დაანონსა ზოგიერთებმა. საკმაოდ ბევრი რამ არსებობს ენკას ინსაათის წინააღმდეგ, რომ უპირობოდ მან მოიგოს. და ამის ერთ-ერთი ინსტრუმენტი შეიძლება იყოს მიმდინარე მედიაციის პროცესში შეთანხმებული 2 მნიშვნელოვანი მიმართულება: 1. გზშ -შეფასება საერთაშორისო ექსპერტების მიერ და 2. ენერგეტიკული უსაფრთხოების სტრატეგია. გარდა ამისა, პარალელურად მიმდინარე 2019 წლის ხელშეკრულების რევიზიის პროცესიც. არის კიდევ ბევრი რამ სხვა, რაც ზედაპირზე არ არის.
მთავარია ის კი არ არის ვინ სად გავიდა. მთავარი ისაა რატომ ახლა? რატომ ამგვარი ფორმით? რას აპირებს საქართველოში მოქმედი მისი შვილობილი კომპანია “ენკა რენიუვებლზი”? ახალ სპონსორს ეძებს? და ა.შ.
მთავარი კითხვაა: რა წერია 2016 წლის ხელშეკრულებაში? ის დღემდე უცნობია და არსებობს ვვარაუდები, რომ ის უფრო უარესია ვიდრე 2019 წლის ხელშეკრულება.

ეს პროცესი ბევრჯერ გაგვივლია: ენკას ინსაათის ამბავი სულ 2 წელი გაგრძელდა. მისმა წინამორბედმა, ქლინ ენერჯი გრუპმა, 4 წელი იწვალა, 10 მილიონამდე დახარჯა, რომელზედაც არავის შეუცხადებია და ალბათ იმიტომ რომ არც არავინ იცის წესით რაში დახარჯა ეს ფული.
ახალი სპონსორი ახალ დინამიკას შემოიტანს და ახალი ვნებათაღელვა ატყდება და ისიც ისე დასრულდება როგორც 3 წინანდელი მცდელობა.
ამასობაში ხეობა პარტახდება, იცლება და ეკონომიკურადაც ნადგურდება. ეს ზარალი, რომელიც ბოლო 10 წელზე მეტია გრძელდება აუცილებლად უნდა დაითვალოს.
ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის არის რამდენიმე რამ:
1. გაკეთდეს სრულყოფილი კვლევა და დადგინდეს რამდენად უსაფრთხოა და რელევანტურია ამ პროექტის განხორციელება და 2. ქვეყანა მოძრაობდეს არა სპონტანური პოლიტიკებით არამედ ჩამოყალიბებული, საზოგადოებასთან შეთანხმებული სტრატეგიით, რომელიც დაადგენს რა ჭირდება საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას.
რიონის ხეობის მცველებზე ზოგიერთი თავდასხმა კი უცნაურია, არა იმიტომ რომ არ გაქვთ უფლება გქონდეთ ეჭვი ან ზოგადად განკიცხოთ ვინმე. ყველაფრის უფლება გაქვთ, თუმცა პროტესტი დემოკრატიის შემადგენელი ნაწილია და მოქალაქის ვალდებულებაა დასვას კითხვები, მოითხოვოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში იყოს ჩართული, ხოლო მთავრობის ვალდებულებაა უზრუნველყოს ეს ყველაფერი და გასცეს პასუხები ნებისმიერ ადამიანს. მთავრობის პასუხისმგებლობას პროტესტის ორგანიზატორებს ნუ აკისრებთ. ეს არასწორია და გაუგებარიცაა.
პრობლემა კი იმაშია, რომ მთავრობას პასუხები არ აქვს და ძალიან ბევრ ნაწილში მოქმედებს გაუმჭირვალედ და გაურბის პასუხისმგებლობას.” – წერს სოციალურ ქსელში ნუგზარ კოხრეიძე»