საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, რატომ შეიწყალა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი. პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანა პოლიტიკური კრიზისის საფრთხის წინაშე დგას.
პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ექსპერტები აფასებენ.
“თან მარტო იმის აღიარება კი არ არის, რომ თურმე პოლიტპატიმრები ყოფილან, არამედ იმის აღიარებაც არის, რომ მთელი კვირის განმავლობაში ტყუილში გვაცხოვრეს. საბოლოო ჯამში, ყველაფერი ხელისუფლების სამარცხვინო კაპიტულაციით დასრულდა, რაც სახელმწიფოებრივად თავისთავად კარგია, მაგრამ „ქართული ოცნებისთვის“ ეს გაკოტრების ტოლფასია. ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ, ფაქტობრივად, არანაირი არგუმენტი აღარ აქვს, თუ რატომ უნდა დარჩეს ხელისუფლებაში. როდესაც ასეთი რაღაც ხდება, კომენტარის გაკეთებაც კი ძნელია.” – განაცხადა გია ხუხაშვილმა.
პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის თქმით, დაუჯერებელია ის ფაქტი, რომ პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებულად მიიღო და ბიძინა ივანიშვილი ამის შესახებ საქმის კურსში არ იყო.
მისი განმარტებით, ხელისუფლებას დროულად უნდა ემოქმედა, ვიდრე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ასეთ კრიტიკას მიიღებდა.
“ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა იმის თაობაზე, რაზეც საუბარი იყო. თუმცა, ამ დრომდე არ უნდა გაეწელათ ეს ვითარება და საქმე აქამდე არ უნდა მიეყვანათ. რაღაც ხომ უნდა გათვალო, მითუმეტეს, როდესაც წინ გამოცდილება გაქვს, რა ხდებოდა იანვარ-დეკემბერში და უფრო ადრეც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, 8 მარტამდე ხომ მთელი რიგი პროცესი იყო. აქედან დასკვნები ხომ უნდა გაეკეთებინა ხელისუფლებას? კორონავირუსი მთელი მსოფლიოსთვის პრობლემას წარმოადგენს, მაგრამ დემოკრატიული სახელმწიფოები სხვაგვარად ფუნქციონირებენ.
უბრალოდ არ მესმის, რა მოგება ნახა “ქართულმა ოცნებამ“? იმას ხომ არავინ დაიჯერებს, რომ სალომე ზურაბიშვილმა თავად მიიღო ეს გადაწყვეტილება და „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი საქმის კურსში არ იყო. არის ახლა საქართველოში ასეთი გულუბრყვილო ვინმე?!“,-აცხადებს ძაბირაძე “ინტერპრესნიუსთან” საუბარში.
ექსპერტი მამუკა არეშიძე პრეზიდენტის მიერ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავასა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას მიესალმება.
როგორც მან “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს მედიატორის ფუნქცია შეასრულა, რითაც გარკვეულწილად ოპოზიციის პატივმოყვარეობაც დაკმაყოფილდა და ხელისუფლებაც შეეცადა, სახე შეენარჩუნებინა.
“ქვეყანაში ძალიან დაიძაბა პოლიტიკური ვითარება. ამიტომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება მისასალმებელია. გარკვეულწილად, მან კვანძის გახსნა მოინდომა. ვინ არის პოლიტიკური პატიმარი და ვინ არა, ეს დავის საგანია და ამ შემთხვევაში, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. გადაწყვეტილებას კომპრომისის გარკვეული ნიშნები ახლავს. მიუხედავად იმისა, რომ ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა და მან მიიღო გადაწყვეტილება, ჩანს გარკვეული ნიშნებიც იმისა, რომ ხელისუფლებაც შესაძლოა, ჩართული ყოფილიყო. ძალიან რთულია ვინმეს დარწმუნება იმაში, რომ ეს ასე არ ყოფილა.” -განაცხადა არეშიძემ.









