???ბორჯომში თურქეთის სამი ვერტმფრენი მუშაობს ?
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები გაძლიერებული ძალებით, მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა.
სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის ხანძრის ლიკვიდირებული და ლოკალიზებული კერები სჭარბობს აქტიური კერების რაოდენობას.
ხანძრის ქრობის პროცესში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, კვლავ აქტიურად მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები.
დილიდან მუშაობა განაახლეს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა და თურქეთის რესპუბლიკის სამმა სპეციალიზებულმა სახანძრო თვითმფრინავმა.
ბორჯომის სოფლებში ქვაბისხევში, ჩითახევში, საკირე-ტაძრისსა და დვირში დილიდან ძლიერი დაკვამლიანებაა, გართულებულია ხილვადობა.
“დაკვამლიანება გამოიწვია ქარის ჩადგომამ. ქარი კვამლს ვეღარ ფანტავს და ერთ ადგილზე დაგროვდა” – ამბობს ადგილობრივ ტელეკომპანია ბორჯომთან საუბრისას გურამ მაისურაძე, მერის წარმომადგენელი დვირის ადმინისტრაციულ ერთეულში.
მისივე განცხადებით, წუხელ ცეცხლის 40-მდე კერა ფიქსირდებოდა, დილიდან განახლდა ქრობის პროცესი. ამ დროისთვის სამუშაოები სლესის ციხის და ე.წ “ქვენაწიას” მიმდებარე ტერიტორიაზე ხორციელდება.
ხანძარი ბორჯომის ხეობაში, ქვაბისხევის ტერიტორიაზე 19 აგვისტოს გაჩნდა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ცეცხლი 11 კილომეტრზეა გავრცელებული, რაც დაახლოებით 300 ჰექტარია.










