„სათიბეს“ მფლობელი სოციალურ ქსელში თავისი ოთხფეხა მეგობრის შესახებ წერს, რომელიც მოუკლეს.
„სახლის მშენებლობას მოვრჩი და თივით მოწყობილ ტახტზე პირველად დავიძინე, როცა აღმოსავლეთის მხრიდან ბამბა მოვიდა.
სახლთან მანქანა გააჩერდა, ამ დროს უკვე ეზოში ძაღლი იდგა.
გოგო გადმოვიდა და მითხრა, ვიღაცას ვაჩუქე და გამოუშვესო. ყველაზე მეტად ამის მოსმენა მინდოდა ალბათ, დასრულებული არ ჰქონდა სიტყვა, რომ ვთხოვე, ჩემთან დარჩეს-თქო.
ნამდვილი დედოფალი იყო, ნახევრად ველური. ჰასკის მეტისი. სულ თვალებში ვუყურებდი და მიყურებდა ორი სხვადასხვა ფერის თვალით, ამაყი მადლიერებით.
ბამბა კიტამ დაარქვა, საყელო შევაბით და უკვე 2 ძაღლი გვყავდა!
ალბათ ერთი წელი მარტო მე და ბამბა ვცხოვრობდით სათიბეში, სანამ ოჯახისთვის ამოსახლების პირობებს შევქმნიდი. სიცივეში სახლში ძლივს შემომყავდა, ერიდებოდა.
მერე ისე მოთოვა, მე ზემოთ ვერ ავდიოდი, დამრჩა ბამბა მშიერი. ეზოდან არ გასულა.
გაზაფხულზე იმდენი ძაღლი მოვიდა, უკვე ჩვენი ადგილიც არ იყო და ბამბამ დაკარგა სიმშვიდე. ხანდახან მისი ადგილიც კართან.
ვდარდობდი და თან სხვა ძაღლებზე ვბრაზობდი. ამის გამო ბოლო პერიოდი ძალიან განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა, სხვებზე მეტი სიყვარული რომ მიმეცა. ვატყობდი რომ ხშირად იწყენდა.
2 ძაღლი გავაჩუქეთ და ბამბამ ისევ დაიბრუნა დიდება, ახალი საყელო და რექსის საჭმელიც.
თბილისში მომიწია ჩასვლა, ეს დღეები ისედაც სულ ვშოფთავ , არ არის ადვილი სათიბეს შენება. დიდი პასუხისმგებლობაა და ჩემი აქედან გასვლა სულ იმის განცდას მიჩენს, აქ რომ არ ვარ რაღაც ისე არ კეთდება ან ფუჭდება.
ერთი სული მქონდა ისე მოვდიოდით, თან სულ ერთი და იგივე კადრია, როცა საღამოს თბილისიდან ვბრუნდებით . მზე ჩადის, წითელ ფონზე, ბამბა მორბის და კარებთან გვხვდება.
ბოლო მოსახვევში ბამბა ასფალტზე ეგდო. მანქანამ დაარტყა და დატოვა.
ჩემი ფუმფულა ბამბა. ხელში ავიყვანე და ეზოს კარებთან დავასვენე. მანქანაში კიტა და პაუ ტიროდნენ. არ მინდოდა მათ დავენახე და ტკივილის გაუზიარებლობით რომ არ გავმსკდარიყავი, ბერიკასკენ გავიქეცი.
ბერიკა არის ადამიანი რომელიც უკვე ისევე იყო ბამბას პატრონი, როგორც მე.
მხარზე ხელი მაგრად გადამისვა და ამერიკულად წავიდა ბარის ასაღებად.
ბამბა დასავლეთის ფერდობზე დავასაფლავეთ, იქეთ სადაც მზის ჩასვლას ვუყურებთ, წითელს, თვალის ამრევს და მისტიურს.
საიდანაც მორბოდა ბამბა ყოველ საღამოს, როცა ჩვენ სახლში ვბრუნდებოდით…“, – წერს ირაკლი გაფრინდაშვილი










