ბათუმში, ნომერ 6 სამარშრუტო ხაზზე მოძრავ მუნიციპალურ ტრანსპორტში რადიატორი გასკდა და ბავშვი დაიწვა. ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს.
გამოცემა მოზარდის დედაზე დაყრდნობით წერს, რომ შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა.
„ღამის საათებში სახლში მივდიოდით. შემაღლებული სკამები რომ არის იქ ვისხედით, მოულოდნელად ცხელი წყალი წამოვიდა ხრიალით – თქვეს, რომ რადიატორი გასკდა. ბავშვს ორივე ფეხი დამწვარი აქვს. ავტობუსი სავსე იყო ხალხით“, – თქვა ქალმა.
მშობლის თქმითვე, ბათუმის მერიიდან, ან ბათუმის ავტოტრანსპორტიდან არავინ შეხმიანებია.
ფაქტს უარყოფენ ბათუმის ავტოტრანსპორტში. ხელმძღვანელმა, ლევან ლაზარიაშვილმა განაცხადა, რომ მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა.










