ქუთაისში, ცენტრალური ბულვარის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. რეკონსტრუქციის ესკიზი ტელეკომპანია “მეგა ტვ””-ს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის საპასუხოდ მიაწოდა.
წერილში აღნიშნულია რომ ქუთაისის ცენტრალური ბულვარის რეკონსტრუქციის პროექტის ღირებულება 14,850,000.00 ლარს შეადგენს.
ესკიზის მიხედვით პარკში იცვლება გეგმარება. ემატა 90 მეტრის სიგრძის და 20 მეტრის სიგანის ხეივანი, სავალი ბილიკის განიერი ზოლი, რომელიც ნაწილობრივ დაიფარება მწვანე საფარით. მოცემული მონაკვეთი ბულვარისთვის დამახასიატებელ გარემოს ქმნის, საკმაოდ აქტიურად განლაგებული დასაჯდომი სივრცეებით და ალაგ-ალაგ გაბნეული მცირე ზომის ხეებით. ესკიზი ითვალისწინებს არსებული შადრევნების შენარჩუნებას და განახლებას, ასევე ახალი ტიპის შადრევნის დამატებას. ცენტრალური კოლონადებიანი შემოსასვლელის ორივე მხარეს დაემატება პანდუსი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. ცენტრალური კოლონადებიანი შესასვლელი განახლდება. ბულვარში მართკუთხა შადრევნებთან ერთად გაჩნდება წრული ფორმის შადრევანი. იგეგმება სამი სხვადასხვა ტიპის სკამების დადგმა, განათებებისა და ნაგვის ურნების შეცვლა. ბულვარში დაგეგმილია ზედაპირის ნაწილის გვირილის გამოსახულებით მოპირკეთება.
ბულვარის ესკიზი კი ასე გამოიყურება.














ქუთაისის ცენტრალური ბულვარის რეკონსტრუქციას მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. სამუშაოები შპს „დაგიმ” უნდა შეასრულოს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით სამშენებლო სამუშაოები 6 თვეში უნდა დასრულდეს.
“მომსახურების გაწევის და სამუშაოების შესრულების საერთო ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან, 2023 წლის 31დეკემბრის ჩათვლით, აქედან: 1 (ერთი) თვეში მიმწოდებელი წარმოადგენს დეტალურ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას; 6 (ექვსი) თვეში მიმწოდებელი დაასრულებს სამშენებლო სამუშაოებს. ხელშეკრულების მოქმედების ვადა: 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
ხელშეკრულების ფასი: მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულება, მომსახურების გაწევასთან და სამუშაოების მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და მიმწოდებლისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით შეადგენს 14,850,000.00 (თოთხმეტი მილიონ რვაას ორმოცდაათი ათასი) ლარს.” – წერია სატენდერო დოკუმენტაციაში.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ბაღის რეკონსტრუქციის სამუშაოები გასულ წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა როგორც ცნობილია, კაფე-ბარ ,,სავანეს’’ შენობის გამო დროში გაიწელა. მერიისა და კაფე სავანეს მეპატრონეებს შორის დაწყებული დავის შედეგად საქალაქო სასამართლომ ობიექტის დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო. კაფე “სავანე” გასული წლის 27 დეკემბერს დაანგრიეს.
ქალაქის ცენტრალური ბულვარის რეკონსტრუქცია 2018 წელს, ქალაქის მაშინდელი მერის გიორგი ჭიღვარიას დაპირება იყო. დაპირებიდან ერთი წლის შემდეგ, მერიამ ბულვარის რენდერ ვერსია ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა, სადაც მოქალაქეებს მათ მიერ მოწონებული ესკიზისთვის ხმა უნდა მიეცათ, თუმცა პროექტის საბოლოო ვარიანტის შემუშავება არ მოხდა.
ქუთაისის ცენტრალური ბაღი 1821 წელს გაშენდა. ის მუშტაიდის პარკის შემდეგ, სიძველით, მეორეა მთელს ამიერკავკასიაში. ბულვარში სარეკონსტრუქციო სამუშაოები ეტაპობრივად ხორციელდებოდა, თუმცა, მისი არსებობის განმავლობაში, სრული რეკონსტრუქცია არ მომხდარა.










