სამხრეთკორეელმა სამრეწველო დიზაინერმა, პენგ მინ-ვოკმა “მესამე თვალად” წოდებული ინოვაციური მოწყობილობა შექმნა, რომელიც სმარტფონზე მიჯაჭვული ადამიანებისთვისაა განკუთვნილი.
სფერული ფორმის გამჭვირვალე აპარატი შუბლზე მაგრდება. მისი “ქუთუთო” მაშინ იხსნება, როდესაც სმარტფონის მომხმარებელი ეკრანზე დასახედად თავს დაბლა სწევს, 1-2 მეტრის მოშორებით დაბრკოლების დაფიქსირებისას კი ის ტელეფონში თავჩარგული ადამიანის გასაფრთხილებლად ხმოვან სიგნალს გამოსცემს.
თავის დახრილობის კუთხის გასაზომად მოწყობილობა გიროსკოპულ სენსორს იყენებს, რომლითაც კისრის მდგომარეობას აკვირდება. ხელოვნურ თვალსა და რაიმე სახის დაბრკოლებას შორის არსებული მანძილის შესახებ ინფორმაციას კი ულტრაბგერითი სენსორი მოიპოვებს. ორივე მათგანი ერთპლატიან მიკროკონტროლერს ანუ მიკროსქემის ერთ ჩიპზე დაშენებულ მცირე ზომის კომპიუტერს უერთდება, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის ღია წყაროზე მუშაობს.
ავტორის თქმით, მის მიერ შექმნილი მოწყობილობა ადამიანებს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, ქუჩაში სმარტფონის გამოყენებასთან დაკავშირებული საფრთხეების გააზრებაში დაეხმარება. მან ახალი ტექნოლოგია სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში უკვე გამოსცადა და იქ მაცხოვრებელთა ყურადღებაც დაიმსახურა. დიზაინერი მომავალში “მესამე თვალის” გაუმჯობესებას გეგმავს.