დასავლეთს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისკენ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ღამის ტრადიციული მიმართვისას მოუწოდა. უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსული აგრესია უკრაინის მიმართ გაცილებით დიდ საშიშროებას მოიცავს, მით უფრო, რომ საოკუპაციო ძალების ქმედება უკვე ბირთვულ საფრთხემდე მივიდა, რაც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიებზე საბრძოლო მოქმედებებით გამოიხატება.
„ჩვენ აქტიურად ვატყობინებთ მსოფლიოს რუსეთის მხრიდან ბირთვული შანტაჟის, ასევე ზაპოროჟიეს ატომური სადგურის ტერიტორიების დანაღმვისა და დაბომბვის შესახებ. საერთაშორისო საზოგადოებამ ამაზე რეაქცია უკვე გამოხატა, თუმცა ახლა უკვე მოქმედების დროა. ტერორისტული სახელმწიფოს წინააღმდეგ, ახალი, უფრო მკაცრი სანქციებია აუცილებელი და ისინი რუსეთის ატომური სფეროს წინააღმდეგ უნდა იყოს მიმართული, რადგან რუსეთი სწორედ ბირთვულ საფრთხეს ქმნის“, – განაცხადა ზელენსკიმ.