აშშ-ი სასამართლომ პატიმრობა და დეპორტაცია მიუსაჯა ქართველ კაპიტანს – 47 წლის ავთანდილ კალანდაძეს აშშ-ის სანაპირო დაცვისთვის თავს არიდებისა და ხომალდის გაჩერების შესახებ ბრძანების დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.
სასამართლომ ქართველ კაპიტანს 10 თვით პატიმრობა მიუსაჯა – სასჯელის მოხდის შემდეგ ქართველ კაპიტანს გამოადეპორტებენ.
„47 წლის საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კალანდაძე ტანკერ Bella 1-ს 2025 წლის სექტემბრიდან 2025 წლის დეკემბრის ბოლომდე მეთაურობდა. Bella 1 ვენესუელისკენ მიემართებოდა, როდესაც აშშ-ის სანაპირო დაცვის კატარღა Munro ხომალდის შეჩერებას შეეცადა. ცარიელი ტანკერი არ დაემორჩილა სანაპირო დაცვის ბრძანებებს და ატლანტის ოკეანის გავლით გაიქცა.
აშშ-ის სანაპირო დაცვის კატარღა Bella 1-ს დაედევნა, რომელმაც ატლანტის გადაკვეთისას განაცხადა, რომ სახელი შეიცვალა და „მარინერა“ დაირქვა, და, ასევე ირწმუნებოდა, რომ რუსეთის დროშის ქვეშ გადავიდა. ხომალდი საბოლოოდ 7 იანვარს შეაჩერეს და აშშ-ის სარდლობის ქვეშ შოტლანდიაში გადაიყვანეს“ – წერს maritime-executive.
ცნობილია, რომ ტანკერზე 28 ადამიანი იმყოფებოდა: უკრაინის 17 მოქალაქე, საქართველოს 6 მოქალაქე, ინდოეთის 3 მოქალაქე და ორი – რუსეთის მოქალაქე. ყველა მათგანი, კალანდაძისა და ეკიპაჟის კიდევ ერთი წევრის გარდა, გაათავისუფლეს. კალანდაძის მეუღლემ სცადა მისი დაკავების კანონიერების გასაჩივრება ბრიტანეთის სასამართლოში, თუმცა სარჩელი უარყოფილ იქნა.
აშშ-ის ცნობით, სამხრეთ კორეაში 2000 წელს აგებული ტანკერი ბოლო რამდენიმე წელი რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტში“ ირიცხებოდა. გამოცემა წერს, რომ 2023 წელს, ვიდრე ტანკერი Bella 1-ის სახელით გამოჩნდებოდა, მან ხუთი სახელი და სხვადასხვა მფლობელი შეიცვალა.
ამერიკული მხარე ამტკიცებს, რომ კალანდაძის მეთაურობის პერიოდში ტანკერმა აზიაში დაახლოებით 1.8 მილიონი ბარელი ირანული წარმოშობის ნავთობი გადაზიდა აზიაში.
აშშ-ის პროკურატრაში ამბიბენ, რომ ამ დროის განმავლობაში კალანდაძე Bella 1-ის საქმიანობის დასაფარად შენიღბვის გავრცელებულ მეთოდებს იყენებდა: “ტანკერი ცურავდა გათიშული ავტომატური საიდენტიფიკაციო სისტემით და ფარავდა Bella 1-ის სახელწოდებას სხვა ხომალდზე ირანული ნავთობის გემიდან გემზე გადატვირთვის დროს”.









