აშშ ახალი სავიზო პროგრამის ფარგლებში ტურისტული და საქმიანი ვიზებისთვის 5 000, 10 000 ან 15 000 დოლარამდე წინასწარ დეპოზიტს მოითხოვს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
სახელმწიფო დეპარტამენტს იმ ქვეყნების სია არ გამოუქვეყნებია, რომლებზეც ახალი მოთხოვნა გავრცელდება, თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ახალი პროგრამა იმ ქვეყნების მოქალაქეებს შეეხება, რომლებიც აშშ-ში დარჩენის ვადას რეგულარულად არღვევენ ან შემოწმების პროცესი არასრულყოფილია. ასევე, პროგრამა საგარეო პოლიტიკის ფაქტორებიდან გამომდინარეც იმოქმედებს.
ახალი სავიზო პროგრამა 2025 წლის 20 აგვისტოდან ამოქმედდება და დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება. დეპოზიტის ოდენობას საკონსულოს თანამშრომლები განსაზღვრავენ და იგი 5 000, 10 000 ან 15 000 დოლარი იქნება.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ-ში ვიზიტით მყოფ პირებს დეპოზიტის თანხა სრულად დაუბრუნდებათ, თუ ისინი აშშ-ს ვიზით გათვალისწინებულ ვადაში დატოვებენ.