აშშ-ს სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტომ (FDA) დანიური ფარმაცევტული კომპანიის “Novo Nordisk” მიერ შექმნილი პრეპარატის, სახელწოდებით Wegovy წონის დასაკლებად გამოყენების ნებართვა გასცა.
ეს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როდესაც FDA-მ ჭარბი წონის წინააღმდეგ ბრძოლის ამგვარ მეთოდს დაუჭირა მხარი.
იგივე პრეპარატი განსხვავებული სახელწოდებით “Semaglutide” რომელიც Novo Nordisk-ში მომუშავე სპეციალისტებმა ჯერ კიდევ 2012 წელს შექმნეს, უკვე რამდენიმე წელია აშშ-ში, კანადაში, იაპონიაში, ავსტრალიასა და ევროკავშირის ქვეყნებში დიაბეტის სამკურნალოდ გამოიყენება. მიმდინარე წლის დასაწყისში კი დანიურმა კომპანიამ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომელმაც აჩვენა, რომ ამ მედიკამენტის შედარებით გაზრდილი დოზით ჭარბი წონის წინააღმდეგ ბრძოლაც არის შესაძლებელი, ვინაიდან მისი მიღება მადის შემცირებას იწვევს.
ამის დასადასტურებლად მკვლევრებმა ცდა 68 კვირის განმავლობაში 4,500 ზრდასრულ ადამიანზე ჩაატარეს, რომლებიც ჭარბ წონას უჩიოდნენ. მათ შორის, კვლევაში მონაწილე 2,000-მდე პირს აღნიშნული დროის პერიოდში ორგანიზმში ერთი კვირის ინტერველით პრეპარატი Wegovy შეუყვანეს, რომელიც კუჭქვეშა ჯირკვლის, გლუკაგონის მსგავს ჰორმონს GLP-1 შეიცავს, დანარჩენებს კი პლაცებო.
შედეგად დადგინდა, რომ “Novo Nordisk”-ის მედიკამენტის ხანგრძლივად მიღების დახმარებით ცდისპირებმა წონაში საშუალოდ დაახლოებით 15 პროცენტით დაიკლეს.
კვლევაში მონაწილეთა თითქმის მესამედში ამ მაჩვენებელმა 20 პროცენტსაც კი გადააჭარბა. რაც შეეხება ცდისპირებს, რომლებმაც პრეპარატის ნაცვლად პლაცებო მიიღეს, მათ წონაში საშუალოდ მხოლოდ 2,4 პროცენტით დაიკლეს. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, Wegovy-ს ინიექციამ ცალკეულ შემთხვევებში მსუბუქი გვერდითი მოვლენები, მათ შორის, ღებინება, დიარეა, ყაზბობა და მუცლის ტკივილი გამოიწვია.
აშშ-ში Wegovy-ს გამოყენებას მხოლოდ ის ზრდასრული პირები შეძლებენ, რომლებსაც წონის ქრონიკული დარღვევა და ჭარბწონიანობის გამო მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი ტიპი 2 ან სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე აწუხებთ.
პრეპარატის ღირებულება ჯერჯერობით არ ზუსტდება.