ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ ავღანეთის ცენტრალური ბანკის მფლობელობაში არსებული 9.5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აქტივები გაყინა. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg წერს.
გამოცემის ცნობით, აშშ-მ დროებით შეაჩერა ავღანეთისათვის ფულის მიწოდების პროცესიც. თალიბანისათვის ფულთან წვდომის შესაზღუდად.
DA Afghan Bank-ის, სახელმწიფოს ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის, აჯმალ აჰმადის ტვიტერის პოსტით ირკვევა, რომ მან აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია პირველად პარასკევს მიიღო.
ავღანეთის ცენტრალური ბანკის აქტივების მოცულობა 9.5 მილიარდ აშშ დოლარს უდრის, მათი უმეტესობა კი ნიუ-იორკის ფედერალური რეზერვებისა და შეერთებულ შტატებთან აფილირებული ფინანსური ინსტიტუტების ანგარიშებზეა შენახული.
ამერიკის შეერთებული შტატების სანქციები თალიბანს ნებისმიერი სახის ფინანსებზე წვდომას უზღუდავს.










