მისივე თქმით, ფასზე ზეგავლენას ქვეყანაში არსებული ნედლეულის დეფიციტი მოახდენს, რასაც ახლა რუსეთში მიმდინარე პროცესებიც ემატება.
როგორც ბექა გონაშვილი ვარაუდობს, ხორცზე ფასი მინიმუმ 10%-ით მოიმატებს.
„ხბოს ხორცის მოხმარება გვაქვს ძალიან მაღალი. პირობითად, თუ რომელიმე ქსელი დღეში 500 კილოგრამ ხბოს ხორცს მოიხმარს, გამოდის, რომ ერთ დღეში 12-13 სული ხბო იკვლება. სწორედ ამაშია საქმე – სად გვაქვს დღეს გეფი და რატომ იზრდება ფასი? იმიტომ, რომ ქვეყანაში დასაკლავი საქონლის დეფიციტია. რუსეთიდანაც გაჩერდა შემოყვანა.
დეფიციტია, რადგან აქ დაბადებული ხბო ხშირად ადრეულ ეტაპზე იკვლება და გადის ექსპორტზე. მაგალითად, ერაყში და სხვა ქვეყნებში, სადაც 180 კილოზე ნაკლები წონის პირუტყვიც მიდის, ზოგ შემთხვევაში 100 კილოგრამიანიც კი.
შედეგად, ეს ხბო ადგილობრივ ბაზარზე აღარ რჩება. აქ, საქართველოში რომ დავაბა, გავზარდო და ცოცხალ წონაში 500 კილომდე მივიყვანო, ასეთი საქონელი აღარ მყავს. ანუ ნედლეული აღარ მაქვს. შესაბამისად, დღეს ფერმაში თუ 100 სული საქონელი მყავს, პირობითად, 1000 ან 5000 სული უნდა მყავდეს.
ფასების ზრდას, სიმართლე გითხრათ, იმ დეფიციტიდან გამომდინარე, რომელზეც ვისაუბრე, ველოდები. ვფიქრობ, რომ ფასების ზრდა უფრო მეტად აღდგომის შემდეგაა მოსალოდნელი.
ზოგადად, თუ გადავხედავთ საქართველოში არსებულ გამოცდილებას, საქონლის ხორცზე ფასები ზაფხულის პერიოდში მატულობს. გამომდინარე აქედან, ზაფხულში აუცილებლად კიდევ ერთხელ მოიმატებს ფასი. შემდგომ, სექტემბერის პერიოდში ბაზარი გარკვეულწილად ბალანსდება, რადგან მთიდან ჩამოდის საქონელი და მიწოდება იზრდება. ამ პერიოდში ფასები შედარებით სტაბილურდება და აღარ ძვირდება. ამიტომაც ვფიქრობ, რომ სექტემბერ-ოქტომბერში არ გაიზრდება ხორცის ღირებულება და ვნახოთ, შესაძლოა, ზრდა ძირითადად, ზაფხულში იყოს ან წლის ბოლოსაც განმეორდეს.
ჩემი ვარაუდით, ფასები მინიმუმ, 10%-ით მოიმატებს“, – აცხადებს ბექა გონაშვილი.
ცნობისთვის, საქართველოში საქონლის ხორცის ფასი ფაქტობრივად, ყოველთვიურად იზრდება. საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის თებერვალში წლიურად 15.26%-ით გაძვირდა.
ფასების ზრდასთან ერთად იზრდება მოხმარებაც. „გალთ ენდ თაგარტის“ უახლესი კვლევის მიხედვით, რომელიც სოფლის მეურნეობას ეხება, აღნიშნულია, რომ 2016 წლიდან 2024 წლამდე საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე 1 კილოგრამის ხორცის მოხმარება 37 კილოგრამიდან 51 კილოგრამამდე გაიზარდა.









