სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული აქციების პარალელურად, დემონსტრანტები სახელმწიფო დაწესებულებების შენობების ბლოკირებას და ამ დაწესებულებებისთვის მუშაობის ხელშეშლას გეგმავენ. ამასთან დაკავშირებით დღეს სუს-ში ბრიფინგი გაიმართა. უწყებაში აცხადებენ, რომ საქართველოში ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა იგეგმება. მათი თქმით, რევოლუციურ სცენარს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მხარდამჭერებთან ერთად ახორციელებს.
“ცალკეულ პოლიტიკურ ჯგუფებს რუსთავის N12-ე პენიტენციურ დაწესებულებასთან განზრახული აქვს პერმანენტული საპროტესტო აქციების ორგანიზება, სადაც დაგეგმილია პარტიის მხარდამჭერების რეგიონებიდანაც ჩაყვანა.
გარდა ამისა, საპროტესტო აქცია დაგეგმილია ქალაქ თბილისშიც.
ოპერატიული ინფორმაციით, აქციის მონაწილეები გეგმავენ სახელმწიფო დაწესებულებების, კერძოდ, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობების ბლოკირებას და პენიტენციურ დაწესებულებასთან მისასვლელი გზების გადაკეტვას ამ დაწესებულებების ყოველდღიური მუშაობის ხელშეშლის მიზნით”, – განაცხადეს სუს-ში.
რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან აქცია დღეს 17:00 საათზე გაიმართება.










