საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის, კერძოდ, 23-დან 30 ოქტომბრის ჩათვლით აფხაზეთი ენგურზე დე ფაქტო საზღვარს კეტავს. მიზეზად „რადიკალური ძალების შესაძლო პროვოკაციები“ სახელდება.
ამის შესახებ ასლან ბჟანიას პრესსამსახურის განცხადებაში წერია, რომელიც დე ფაქტო უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გავრცელდა.
„სასაზღვრო რაიონებში უპილოტო საფრენი აპარატების უკანონო ფრენის შესახებ უკვე არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აფხაზეთ-საქართველოს საზღვრის ენგურის საგუშაგოზე მოქალაქეების გადაადგილების დროებითი შეჩერება მოითხოვა, რაც უშიშროების საბჭოს წევრებმა დაამტკიცეს,“ – წერია განცხადებაში.
პრესსამსახური აცხადებს, რომ ბჟანიამ დე ფაქტო სამართალდამცავ სტრუქტურებს დაავალა, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პერიოდში მუშაობა გააძლიერონ. დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივან რაულ ლოლუას თქმით, საქართველოში არჩევნების დროს აფხაზურმა მხარემ აუცილებელი ზომები უნდა მიიღოს, რომ „აფხაზეთის ტერიტორიაზე პროვოკაციები არ გავრცელდეს.“
BPN.GE