
როგორც უკვე იცით, მთაში დოღს მამაკაცს უხდიან და იშვიათად ქალს, თუ იგი ძალიან პატივსაცემია. ქალბატონი ეთერ თათარაიძე იხსენებს მამიდის, მარეხ თათარაიძის დოღის ამბავს:
,,ხარჯი დოღით სოფელ დიკლოში მამაჩემის დასაც, მარეხ (მარიხო) თათარაიძესაც გადაუხადეს ბელადიძეებმა, როგორც განსაკუთრებით საპატივცემულო რძალს. მე მაშინ პირველად ვნახე დოღი. პატარები მამიდაჩემის სახლის აივანზე აგვიშვეს, ცხენებს რომ არ ჩავეჭყვიპეთ. პატარა ფეხები აივნიდან დაბლა ჩამოვუშვით და ვაქანავებთ. ქალებმა ამოგვხედეს და ჩუმად გაგვაფრთხილეს: „ფეჴებს ნუ „ადალავებთ“, გაჩერდით, არ ჴამ!“ „დალაობა“ თუშური – ზარია, აი, სწორედ წლისთავზე, დოღის მხედრებისაგან სათქმელი ზარი, ფეხების რიტმული ქანაობა – „არ ჴამ“ – ტაბუირებულია, არ შეიძლება, კიდევ უფრო ავის მომასწავებელიაო და გავისუსეთ, გავქვავდით. ხმით მოტირლები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ჩემ მარეხ მამიდას კაი ქალობას დასტიროდნენ. აქებდნენ-ადიდებდნენ, მთელი სოფლის ქალების ფასად მოიხსენიებდნენ.
ამასობაში „დალაობაც“ დაიწყო… ჴმით ტირილში შენარევი ზარისაგან სისხლი გამეყინა, ჟრუანტელმა დამიარა… მამიდას ფლასზე ერთმანეთზე სამი ქათქათა ბალიშია თავის მხარეს დალაგებული, იმ ბალიშებთან მამიდას საფერხედ ნაკურთხი თეთრი სულის ცხენი დააყენეს. დაიწყო და დაიწყო! ქალების მოთქმას კაცების ზარი ეღვრება და იმ სამ ბალიშზე მაქვს თვალი მიშტერებული. მეტირება… ბოლომდე ვერ ვხვდები, სადა ვარ, რა ხდება. ქალ-კაცი გლოვობს მამიდაჩემს და ამ განცდაში მყოფმა დავინახე, როგორ დაეცა წყლის დიდი წვეთი. ცას ავხედე: მზე ღუღუნებდა. ისევ ბალიშს დავაცქერდი და ვხედავ, ის სველი ადგილი, უკვე წრედ ქმნილი, სიგანეში ფართოვდება და ბალიშის ნაპირებისკენ მიიწევს… დიიდ წრე რომ გახდა, წყლის წვეთებს თვალი ავაყოლე, დავინახე, მამიდაჩემის „სულის ცხენი“ ტიროდა…
ვბერდები და ეს სურათი თვალ-გულიდან ვერ გავიყვანე, ასახსნელი რაღაა, როგორი გლოვა იცის მთამ…” წყარო_ქართული წარმართობა










