უკრაინის პარლამენტში მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვასილი მოკანმა კომენტარი გააკეთა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, უკრაინის მთავრობამ პარლამენტიდან ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურა გაიწვია.
„არ შეიძლება გაიწვიო ის, რაც დარეგისტრირებული არ იყო. შესაბამისად, მინისტრთა კაბინეტმა პარლამენტიდან ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურა არ გაიწვია“, – განაცხადა ვასილი მოკანმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ დღეის მდგომარეობით, მინისტრთა კაბინეტის დონეზე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით რაიმე გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
შეგახსენებთ, რომ დღეს უკრაინულ მედიაში ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებ, რომ უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა პარლამენტიდან მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის წინადადება გაიწვია.