,,არ მისცეთ უკრაინას დამარცხების საშუალება” – ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლის შემდეგ, ეროპარლამენტს სიტყვით უკრაინის საპარლამენტო სპიკერმაც მიმართა – მისი თქმით, დღეს უკრაინა იცავს ცივილიზირებული სამყაროს საზღვრებს და მოუწოდებს ევროპარლამნეტის წევრებს, დაეხმარონ საომარ მოქმედებაში მყოფ ქვეყანას რუსეთის აგრესიის შეკავებაში.
“თქვენ, ჩემს ფონზე ხედავთ იმ სურათს, რომელიც უკრაინაშია. 8 წლის წინ უკრაინელებმა კატეგორიული უარი განაცხადეს რუსეთის მცდელობაზე, რომ შეეცვალა უკრაინული კურსი. უკრაინა ისწრაფვის ევროპისაკენ, რომელიც დემონსტრირდა უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში.
ეს არის ჩვენი უფლება, რომ განვვითარდეთ, ვიყოთ თავისუფალი სახელმწიფო, რომელიც ირჩევს საკუთარ სამომავლო პოლიტიკურ კურსს. სწორედ ამაზე ძალადობს დღეს ქვეყანა, რომელიც არანაირ პატივს არ სცემს საერთაშორისო კანონს, საერთაშორისო პრინციპებს და უტევს ჩვენს სუვერენულობას- ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას.
უამრავი ადამიანი დაიხოცა, კიდევ უფრო მეტია დაჭრილი და ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი არის რუსეთი. ევროპის ისტორიაში ყოველთვის დგებოდა ისეთი მომენტი, როდესაც ევროპას უწევდა ერთიანი არჩევანის გაკეთება- დღეს არის სწორედ ასეთი მომენტი.
ამიტომ მნიშვნელოვანია, როგორ მიუდგება ევროპა ამ გამოწვევას. ძვირფასო პარლამენტის წევრებო, მადლობას გიხდით იმ ეკონომიკური სანქციებისთვის, რომელიც დაუწესეთ აგრესორს. მინდა გესმოდეთ, რომ დღეს უკრაინა იცავს ცივილიზირებული სამყაროს საზღვრებს და არ მისცეთ უკრაინას იმის საშუალება, რომ დამარცხდეს.
სხვა შემთხვევაში შეუძლებელი იქნება რუსეთის აგრესიის შეკავება. იფიქრეთ რა მოუვა ევროპას თუ რუსეთი აღადგენს თავის იმპერიას, თუ ბოროტებას ექნება იმის საშუალება, რომ გაფართოვდეს. როგორი იქნება აღმოსავლეთ ევროპის ბედი, როდესაც რუსეთი მათ საზღვრებსაც მიადგება, მას შემდეგ რაც კრემლი უკრაინას დაიპყრობს აუცილებლად გააფართოებს თავის თვალსაწიერს, ამიტომ მიუდექით ამ ყველაფერს სტრატეგიულად.
მხარი დაუჭირეთ უკრაინას და აქციეთ იგი თქვენს სტრატეგიულ პარტნიორად. დარწმუნებული ვარ, რომ ევროპა დღეს არის ისე გაერთიანებული, როგორც არასდროს. გთხოვთ დაუჭიროთ იმ მებრძოლებს მხარი, რომლებიც ეცემიან ბრძოლის ველზე ამ მომენტში თავისუფლებისთვის ბრძოლაში. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ვერ იარსებებს მშვიდობა ევროპაში უკრაინის გარეშე,”- აცხადებს უკრაინის პარლამენტის სპიკერი.










