საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, მანანა კობახიძე მოსამართლის მანტიის დატოვების გადაწყვეტილებას პირველად განმარტავს.
როგორც მან “რადიო თავისუფლებას” განუცხადა, გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ ის იმ პარტიის დამფუძნებელია, რომელიც ახლა ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ითხოვს.
საკონსტიტუციო სასამართლო კობახიძემ 13 ოქტომბერს, მას შემდეგ დატოვა, რაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების მოთხოვნა არ დაუკმაყოფილეს.
გადადგომის მიზეზად იურისტი სასამართლოს მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვას ასახელებს.
ეს არის დეპუტატების სარჩელი, მოსარჩელეთა უმრავლესობა პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” წარმომადგენელია და თუკი ამავე პარტიის დამფუძნებელი წევრი, იმავდროულად პირველი თავმჯდომარე, განიხილავდა საქმეს, რაც არ უნდა ფიცი ჰქონდეს დადებული, ქმნიდა თუ არა ეს გარემოებები ერთობლიობაში იმგვარ საფუძველს, რაც საზოგადოებაში, ობიექტურ დამკვირვებელში წარმოშობდა კითხვის ნიშნებს?” – ამბობს “რადიო თავისუფლებასთან” კობახიძე.
ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ამბობს, რომ არ აპირებს, პასუხი გასცეს მათ ვინც მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ფასებენ:
“სპეკულაციებისთვის ყოველთვის არის სივრცე. მოვისმინე ათასგვარი კომენტარი და ვფიქრობ, არ უნდა ვუპასუხო მათ. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ყოფილი მოსამართლე ვარ, ჩემი პროფესიული ეთიკა მაინც მავალდებულებს, ამ თემაზე ამის იქით აღარ ვისაუბრო. ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება, ჩემი გადადგმული პირადი, დამოუკიდებელი ნაბიჯი და არაფერი მეტი. მე მგონია, რომ სწორი ვიყავი”, – ამბობს ის.
კობახიძე “რადიო თავისუფლებას“ მის უახლოეს გეგმებზეც ესაუბრა და უთხრა, რომ ადვოკატთა ასოციაციის წევრობის აღდგენას აპირებს:
“სხვათა შორის, ადვოკატთა ასოციაციის დამფუძნებელი წევრი ვარ, 2003-ში, გარეთ რომ რევოლუციური ტალღა იყო, პარლამენტის შენობაში ჩავაბარეთ მაშინ საადვოკატო ტესტირება პირველმა თაობამ, ვინც დავაფუძნეთ [ასოციაცია]; ბევრი ვიშრომე, ბევრი ვიბრძოლე, ძალიან დიდი ენერგია ჩავდე და არ მინდა მოსამართლის უფლებამოსილებასთან ერთად, ასე ვთქვათ, იურისტობაც დასრულდეს – აქედან გამომდინარე, აუცილებლად აღვიდგენ ასოციაციის წევრობას, ჯერჯერობით, როგორც დამოუკიდებელი ადვოკატი, დანარჩენს დრო გვიჩვენებს”, – განაცხადა კობახიძემ.
მანანა კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ 2017 წლის 8 თებერვალს პარლამენტმა, „ქართული ოცნების“ წარდგინებით, 101 ხმით 10-ის წინააღმდეგ აირჩია. მან ფიცი 15 თებერვალს დადო და ათწლიანი უფლებამოსილების ვადა 2027 წლის თებერვალში ეწურებოდა.
კობახიძის წასვლის შემდეგ ცხრაწევრიან საკონსტიტუციო სასამართლოში შვიდი მოსამართლე დარჩა, ორი ადგილი კი ვაკანტურია.










