მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის, დედა საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან მორიგ აქციას 8 იანვარს, 16:00 საათზე, აანონსებს და მიმართვას ავრცელებს:
“არ მიმატოვოთ ბრძოლაში მარტო!მიჭირს! უსაშველოდ მიჭირს!გთხოვთ, არ გამიშვათ ხელი!

ვინც მიცნობს, ყველამ იცის, ისე გავზარდე 2 ღირსეული შვილი, რომ დახმარება არავისთვის მითხოვია; დედასთანაც არასდროს დამიწუწუნია.
სახლიც გადმომითოვლავს, ვენახიც მომიწამლავს, ხარ-ურემსაც გავძღოლივარ , ღამით ქარმა შუქი რომ გამითიშა და ბატონებიანი შვილები მყავდა, კოქტებით დენის ბოძზეც ავსულვარ და მავთულები გადამიბამს; დღე და ღამ მუხლჩაუხრელი შრომით, სიმწრით გავზარდე შვილები!
არც სხვისი შვილებისთვის მიღალატია, ღირსეულად ვემსახურე ჩემს სამშობლოს 30 წელი!
ახლა, როცა ჩემი სპეტაკი და გენიოსი შვილიკო გარყვნილი, პირსისხლიანი ბრბოს მსხვერპლი გახდა, მუხლმოდრეკით გევედრებით ყველას,

მოდით 8 იანვარს, 16:00სთ-ზე საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან (ორთაჭალაში, ვახტანგ გორგასალის ქ. N24).
წრფელი ცრემლების ზღვა გაჰყვა ჩემს შვილს, უწყვეტ ნაკადად მოდიოდით სამძიმრის სათქმელად, ამისთვის მადლობა ყველას, მაგრამ ახლა უფრო მჭირდებით.
მჭირდებით ყველა:
მედიის წარმომადგენლები,
ბიძაშვილ/მამიდაშვილ/დეიდაშვილები,
ნათლია/ნათლულები,
ახლო და შორი ნათესავები,
მეგობრები და კოლეგები,
მოსწავლეები და მათი მშობლები,
ძველი და ახალი მეზობლები,
უცნობი გულმხურვალე ადამიანები…..
ვინც წინა აქციაზე პროკურატურის წარმომადგენლების სახე ნახა, ყველა დამეთანხმება, რომ მათაც გულწრფელად ტკივათ გიგა, მაგრამ ისეთ ლაბირინთში აიხლართნენ, თავს ვეღარ აღწევენ.
დავდგეთ ერთად, ვუთხრათ, რომ უკან დახევა არაა სირცხვილი!

თამარ ბაჩალიაშვილის მამა მოვიდა ჩემთან წინა აქციაზე; მე რომ მივსულიყავი მასთან, როცა უჭკვიანესი შვილის სიკვდილში დამნაშავეს ეძებდა, იქნებ ვეღარ გაებედათ ჩემი გიგას მოკვლა!
მოდით, დამიდექით გვერდით, რომ არ იყოთ შემდეგი!!!

მეიმედებისაქართველოვ!” – წერს ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში.
22 დეკემბერს გენერალურ პროკურატურასთან გამართულ აქციაზე ქმედითი ნაბიჯების გადასადგმელად გიგა ავალიანის ოჯახმა პროკურატურას ვადა 8 იანვრამდე მისცა. სხვა შემთხვევაში, მათი თქმით, გიგასთვის სამართლიანობის აღდგენის მიზნით ბრძოლას გააგრძელებდნენ.
მათი მთავარი მოთხოვნებია:
გადაკვალიფიცირდეს ბრალდება და გამოძიება გაგრძელდეს ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მუხლით (ახლა გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს);
პასუხისგებაში მიეცეს მკვლელობაში მონაწილე ყველა პირი.
როგორც შსს ამბობს, 1 ოქტომბრის ღამეს არასრულწლოვანები გიგა ავალიანს, მეგობარ გოგონასთან კომუნიკაციისთვის ეჭვიანობის გამო, უკან გაჰყვნენ და ერთ-ერთმა მათგანმა მასწავლებელს თავის არეში დარტყმა მიაყენა. გიგა ავალიანი 24 ოქტომბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.