,,როგორც რიგითი მოქალაქე/ამომრჩეველი მივმართავ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც არჩევნებზე ხმა მივეცი.
მესმის თქვენი როგორც პოლიტიკოსის და პრეზიდენტის, რომ მედიატორის როლი გსურთ შეასრულოთ. გარკვეულწილად გაგებით შეიძლება მოვეკიდო იმასაც, რომ ადგილობრივის გარდა საერთაშორისო ვალდებულებებითაც შეიძლება იყოთ დატვირთული.
„დემოკრატიის სამიტზე“ იქაური აუდიტორიისათვის მისაღები გზავნილები რომ უნდა გაგეგზავნათ, ამაშიც გაგიგებთ. თუმცა, არ მესმის თქვენი ეკვილიბრისტიკისა ამ საკრალური ‘პოლარიზაცია/შერიგების’ თემაზე.
უკვე მერამდენედ, თქვენი ორაზროვანი კომენტარები ამ თემაზე, საზოგადოებაში იწვევს დაძაბულობას, გაურკვევვლობას და ხშირად თქვენს მიმართ არცთუ დადებით განწყობებს. რაში გჭირდებათ ამ „პოლარიზაციის“ თემის მუდმივი კულტივირება?!
თქვენთვის როგორც კარგად ინფორმირებული ადამიანისათვის, ხომ კარგად უნდა იყოს ცნობილი, რომ ეს ყბადაღებული „პოლარიზაცია,“ ისევე როგორც სხვა ხელოვნურად „აწეული“ თემები, დიდწილად თითიდან არის გამოწოვილი და ისიც კარგად მოგეხსენებათ, ვის მიერ.
ვშიშობ, რომ კვლავ მოგიწევთ წარსდგეთ საზოგადოების წინაშე და უკვე მერამდენედ დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია იმ საკითხზე რასაც ჰქვია უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის შეწყალება, რომელსაც თქვენ „განსაკუთრებულ პატიმრად“ მიიჩნევთ”-წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე.










